ისტორია

ისტორიული ძეგლები

1.თეთრი გიორგის ეკლესია (დეკანოზური)

დეკანოზურის სამონასტრო კომპლექსი თარიღდება VI-VII ს.ს. და მდებარეობს სოფელ ვარდისუბანში. კომპლექსი მოიცავს  წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიან ბაზილიკას, მცირე ეკლესიის ნანგრევს და გალავანს.

წმ. გიორგის ეკლესია (20×12.2 მ) სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპისაა. ნაგებია რიყის ქვით, კუთხეებში, კონქის სატრიუმფო თაღში და სარკმელში გამოყენებულია შირიმი. მოგვიანებით გადაკეთებისას გამოყენებულია აგური. ეკლესია გადახურული იყო ცისფრად მოჭიქული ბრტყელი და ღარიანი კრამიტით. ტაძარი განახლებულია XVI საუკუნეში.

მთავარი ტაძრის ჩრდილოეთით და სამხრეთით პასტოფორიუმებია (სამკვეთლო და სადიაკვნე), რომლებიც ცენტრალურ ეკლესიას კარით უკავშირდება (სამკვეთლოსთან მაკავშირებელი კარი ამჟამად ამოშენებულია). ორივე უაბსიდოა. მთავარი ტაძრის სამხრეთი კედლის პირზე, ერთმანეთის პირისპირ ქართული ასომთავრულით შესრულებული ნაკაწრი წარწერებია. აღმოსავლეთის სარკმელს ქონია ნალისებური თაღების მწკრივით გაფორმებული შუბლი (ამჟამად ჩამონგრეულია).  ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით მცირე სამლოცველოს ნანგრევია. ნატეხი ქვით ნაგები შენობისგან ამჟამად განირჩევა აბსიდის ნაწილი, რომელიც დარბაზისგან მხრით ყოფილა გამოყოფილი.  ეკლესიას გარშემოუყვებოდა ქვის ყორე გალავანი, რომელიც ახლა მხოლოდ სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა შემორჩენილი.

2.წმ. შიოს მონასტერი

წმ. შიოს მონასტერი, ე.წ. „შიოს მარანი“ დგას სოფელ რუისპირის ზემოთ, სამხრეტ-დასავლეთით დაახლოებით ოთხ კილომეტრზე, მდინარე თყრდოს მარცხენა, მაღალ ნაპირზე, ნსაოფლარ არტოზანის ტერიტორიაზე, ფლატის პირას.

მონასტრის ნაგებობებიდან, მნიშვნელოვანი დანაკარგების გარეშე, მხოლოდ წმ. შიოს ეკლესიაა მოღწეული. დანარჩენები კი დანგრეულია: ზოგის ნანგრევებია შემორჩენილი, ზოგის კი მხოლოდ კვალი იკითხება. მონასტრის მთავარი ნაგებობა წმ. შიოს ეკლესიაა. თარიღდება XII ს-ის მეორე ნახევრით. იგი დარბაზული ტიპისაა, ნახევარწრიული, შვერილი აფსიდით აღმოსავლეით. აფსიდი გარედან ხუთწახნაგა აბრისშია ჩაწერილი და ეკლესიის ძირითადი კორპუსიდან მოკლე მხრებით გამოიყოფა (ეკლესიის გარეთა ზომები: სიგრ. – 16,5 მ, სიგ. – 10,6 მ). ეკლესიას სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან თანადროული, თითქმის კვადრატული გეგმის მინაშენები ეკვრის. სამხრეთ მინაშენი – სამ მხარეს თაღებით გახსნილი კარიბჭე – ფასადი შუა ნაწილზეა მიდგმული; ჩრდილოეთისა კი – აღმოსავლეთ კიდეში. იგი ეკლესიის ძირითად კორპუსთან წყობითაა დაკავშირებული. ეკლესიას, დასავლეთიდან, მოგვიანებით აგებული, სამხრეთიდან ჩრდილოეთის მიმართულებით წაგრძელებული ნაგებობა ეკვრის, რომელიც დასავლეთ კედელს მთელ სიგრძეზე გაუყვება. მომდევნო ხანებში, ამ უკანასკნელზე დასავლეთიდან მიუშენებიათ იგივე სიგრძისა და დაახლოებით იმავე სიმაღლის ნაგებობა, რომლის შუა ნაწილზე სამრეკლოა დადგმული. საკურთხეველში, კედლებზე შემორჩენილია მხატვრობის ფრაგმენტები.

1980-იან წლების მიწურულს ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები (რესტავრაციის პრ-ის ავტორი რ. ცხადაძე, ტანაავტორი ნ. კანდელაკი). აღდგა ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები და ლავგარდანი, მთლიანად აღდგა მინაშენები, სამრეკლო და გადაიხურა ღარისებრი კრამიტით. დაკონსერვდა სამლოცველო და ეკლესიის აღმოსავლეთით მდებარე საცხოვრებელი ნაგებობა. რესტავრაციამდე ეკლესიის კედლებს შემორჩენილი ჰქონდა რიყის ქვით აღდგენილი ნაწილები, რომლებიც მოიხსნა და აგურით შეიცვალა.

მონასტრის მთავარი ნაგებობის აღმოსავლეთით, ათიოდე მეტრის დაშორებით, შემორჩენილია რიყის ქვით ნაშენი, გაურკვეველი დანიშნულების, სწორკუთხა ნაგებობის კედლების ნაშთები (სიმაღლე – 0,8 მ), მის აღმოსავლეთით დაახლოებით 7 მ-ის დაშორებით კი, მოზრდილი, ორსართულიანი, საცხოვრებელი ნაგებობის კედლები.

საცხოვრებელი ნაგებობა გეგმით სწორკუთხაა, შემორჩენილი აქვს ოთხივე კედელი. ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედლები ორსართულნახევრის სიმაღლეზე დგას, დანარჩენი ორი კი – ერთი სართულის სიმაღლეზე. შენობა, ისევე როგორც მონასტრის სხვა ნაგებობები, რიყის ქვითაა ნაშენი. პირველ სართულზე, მოზრდილი, გეგმით ნახევარწრიული, ნახევარწრიულთაღიანი ბუხარია – კონტრფორსისებრი, შვერილი ზურგით. ამავე კედელში სამი ნიშა და ერთი, ოთხკუთხა სარკმელია. აქვე არის კედელზე მიშენებულია მეორე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე. კედელში მოწყობილია რიყის ქვით ამოშენებული ხარო. შემორჩენილია სართულშუა გადახურვის კოჭების ბუდეები.

3.მაყაშვილების ციხე-დარბაზის კომპლექსი

ციხე-დარბაზი მდებარეობს სოფელ რუისპირის სამხრეთით, დაახლოებით 500მ. მდინრე თურდოს მარცხენა ნაპირზე, ნასახლარ არტოზანის ტერიტორიაზე და თარიღდება XVIII საუკუნის შუა ხანებით, იგი ადგილობრივ ფეოდალებს, მაყაშვილებს ეკუთვნოდა. კომპლექსში შედის: სასახლე, კარის ეკლესია, მარანი, ორი საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი. ციხე-დარბაზი გეგმით მოგრძო ოთხკუთხედია (91,8 მ – 48,4 მ), რომლის სამ კუთხეში კოშკებია ჩართული. მეოთხე კუთხე მოშლილია, სადაც მრავალჯერ გადაკეთებული სასახლე დგას, რის გამოც, გაურკვეველია, იდგა თუ არა ამ კუთხეშიც კოშკი. გალავნის კედლები ორიარუსიანი ყოფილა, რომლისგანაც ახლა მხოლოდ ქვედა, ყრუ, იარუსია შემორჩენილი. მეორე იარუსს, რომელსაც თავისი სარბენი ბილიკი ქონდა, აღწერებით, ცალი და შეწყვილებული სათოფურები ჰქონია. ციხეში შესასვლელი ჩრდილოეთ კედელში იყო გაჭრილი. კუტი კარი ქონია აღმოსავლეთ კედელშიც. ახლა არც ერთი აღარ იკითხება.

გალავნის ჩრდდილოეთ კედლის შუაში ჩართულია დარბაზული, მცირე ზომის ეკლესია (გარეთ ზომები: 7,4 მ – 6,1 მ), რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით აქვს. კედლები, ძირითადად, ნაგებია რიყის ქვით. კამარა, თაღები და კარ-სარკმელი – აგურით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. კარები შეისრულთაღოვანია და ორივე მხრიდან სწორკუთხა შეღრმავებაშია ჩასმული. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით. მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც. იგი თლილი ქვით არის გამოყვანილი და წინიდან, მთელ სიგრძეზე, ლილვი გასდევს. იატაკი მოგებულია ექვსგვერდა აგურით. ამბიონის წინ დაკრძალულია 1765 წ. გარდაცვლილი ხაშმის სამების წინამძღვარი მაყაშვილი. ის, რომ ეკლესიას სარკმელი ჩრდილოეთით, ციხისკენ აქვს გაჭრილი და არ გააჩნია სათოფურები, იმის დამადასტურებელია, რომ იგი ციხემდე იყო აგებული. ეკლესიის ფასადები რიყის ქვითაა ნაგები. კუთხეები და მორთულობის ელემენტები გამოყვანილია აგურით. კედლები დასრულებულია სპეციალურად დამზადებული აგურით გამოყვანილი, მაღალი ლავგარგანით, სახურავი ორფერდაა, დაბურულია ღარისებრი კრამიტით.

კომპლექსიდან შედარებით კარგად არის შემორჩენილი გალავნის აღმოსავლეთ კედლის შუა ნაწილზე მიდგმული მარანი, რომელიც რიყის ქვითაა ნაგები, გეგმით და შენობის  შიგნით ქვევრებია.

 

4.ადამაანთ ციხე

არქიტექტურული ძეგლი მებარეობს სოფელ რუისპირში, ძამუკაანთ უბანში. ციხე სათავდაცვო-საცხოვრისი ნაგებობაა. აშენებულია რიყის ქვით და აგურით. აქვს სწორკუთხა ფორმა, რომლის კუთხეები მომრგვალებულია. შედგება ორი ნაწილისგან (ფართობი: 12×8 მ), რომლებიც ერთმანეთისგან მყარი კედლითაა გამიჯნული. ჩრდილოეთის ნაწილი უფრო დიდი და დაბალია, სამხრეთის პატარა და მაღალი. თუმცა ორივე მათგანი სამსართულიანია. სიმაღლეში განსხვავებას განაპირობებს სართულშორისი გადახურვა: ჩრდილოეთის ნაწილი ხის ძელების ვერტიკალური გადახურვით, ხოლო სამხრეთი ნაწილი ქვის კამაროვანი გადახურვით სრულდებოდა. ორივე ნაწილის ზედა სართული ბანია და სალოდე მაშიკულებითა და ქონგურებითაა აღჭურვილი. შენობის ორივე ნაწილის პირველი სართული მარანს წარმოადგენს, მეორე – საცხოვრებელი , ხოლო მესამე – საბრძოლო.

ციხის პირველ სართულში მოხვედრა ჩრდილოეთი ნაწილის ჩრდილოეთის და აღმოსავლეთის კედელში დატანებული კარებით შეიძლება. კარები გარედან თაღოვანია, ხოლო შიგნიდან ხის ძელებითაა გადახურული. სამხრეთის ნაწილში, საწნახელია მოთავსებული. საწნახელი ქვითკირისაა, მიდგმულია სამხრეთის კედლის მთელ სიგრძეზე და შუაში გატიხრულია. ტიხართან იატაკის დონეზე ღარი აქვს, რომელიც გარეთ იატაკში გაკეთებულ ღართან აერთებს. დაწურული წვენი ამ გზით ციხის ჩრდილოეთ ნაწილში ჩაყრილ ქვევრში გადაქონდათ. პირველი სართულის კედლებში შეისრული და სწორკუთხა თაღჩები და სარკმელ-სათოფურებია გაკეთებული.

ციხის მეორე სართულზე მოხვედრა ჩრდილოეთის ნაწილის დასავლეთ კედელში გაკეთებული კარით შეიძლებოდა, რომელსაც წინიდან ბაქანი ქონდა. ბაქანზე მოხვედრა კი ასაწევი კიბით იყო შესაძლებელი. მეორე სართულის კედლებში ოთხ-ოთხი სარკმელია, რომელშიც ასევე სათოფურებია გაკეთებული, მათ შორის თაღჩებია გაკეთებული და ორივე ნაწილს აქვს შეისრულთაღოვანი ბუხარი. კოშკის ორნაწილს შორის კავშირი მათ გამმიჯნავ კედელში გაკეთებული კარით ხდებოდა.

მესამე სართული ორივე ნაწილში საბრძოლო ბანია. მასზე მოხვედრა სამხრეთი ნაწილის კედელში გაკეთებული ასასვლელი კიბით ხდებოდა. სამხრეთი და ჩრდილოეთის ნაწილებს აქვს ქონგურები. ჩრდილოეთის ნაწილს შესასვლელი კარების აყოლებაზე თითო სალოდე მაშიკულია გაკეთებული. სამხრეთი ნაწილის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ტუალეტია მოწყობილი.

 

 

5.იყალთოს მონასტერი

სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს სოფლის სამხრეთით, დაახლოებით ერთ კილომეტრზე, მთის ძირში. კომპლექსში შედის :ფერიცვალების, სამების და ყველაწმინდის ეკლესიები, აკადემიის შენობა, სატრაპეზო, მარანი, ექვსი ეკლესიის და რამდენიმე შენობის ნაშთები.

იყალთოს მონასტრის დაარსება ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთის – წმ. ზენონ იყალთოელის მოღვაწეობას უკავშირდება  და VI საუკუნის II ნახევრით თარიღდება. XI – XII  საუკუნეებში აქ აკადემია დააარსა ცნობილმა ქართველმა სასულიერო მოღვაწემ და ფილოსოფოსმა – არსენ იყალთოელმა, რომელიც მონასტერშივეა დაკრძალული. ამის შემდეგ, მონასტრის მნიშვნელობა გასცდა კახეთის ფარგლებს და მთელი საქართველოს დიდ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრად იქცა.

მთავარი, ფერიცვალების ეკლესია (ღვთაება), თარიღდება IX საუკუნით, იგი აგებულია იმ ეკლესიის ადგილზე სადაც იყო დაკრძალული წმ. ზეონონი. XIX საუკუნეში აღდგა ეკლესიის კედლების დანგრეული ნაწილები, დაადგენს მაღალყელიანი გუმბათი, შიგნიდან და გარედან შელესეს და შეათეთრეს. ეკლესია გეგმით „ჩახაზული ჯვრის“ ტიპისაა. სამშენებლოდ გამოყენებულია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვა და რიყის ქვა. ხოლო გუმბათი და კედლის მოგვიანებით აღდგენილი ნაწილები კვადრატული აგურისაა. გარეთა კუთხეების წყობაში გამოყენებულია შირიმი.

ფერისცვალების ეკლესიის აღმოსავლეთით, 10-12 მ მანძილზე, დგას წმ. სამების მომცრო ეკლესია, რომელიც თავდაპირველად, გუმბათიანი ყოფილა, დანგრევის შემდეგ აღუდგენიათ (როგორც ჩანს XIX  ს-ში) და დარბაზულ ეკლესიად გადაუკეთებიათ. სავარაუდოდ, ეკლესია VI ს-ის მესამე მეოთხედში, მონასტრის დამაარსებლის, წმ.ზენონის მიერ არის აგებული. ეს არის ორფერდა სახურავით გადახურული, ოთხკუთხა ნაგებობა, დასავლეთიდან მიშენებული, გარეგანი კიბით, რომელიც კარიბჭეზე ეკლესიის აღდგენის დროს დაშენებულ სენაკში ადის. ეკლესიის გეგმის სწორკუთხედში (10 მ – 5,8 მ) ჩაწერილია კვადრატი, რ-საც ოთხივე მხრიდან თანაბარი სიღრმის მკლავები ერთვის. ეკლესიაში შესასვლელი დასავლეთიდანაა. მის წინ, ეკლესიის მთელ სიგანეზე, კარიბჭეა. კარიბჭის იატაკში, ეკლესიაში შესასვლელის წინ, ტაძრის ქვეშ არსებულ აკლდამაში ჩასავლელი, სწორკუთხა შახტია. თვით აკლდამას “რესტავრაცია” არ შეხებია და უცვლელად არის შემორჩენილი. იგი რიყის ქვის შედარებით სწორი რიგებითაა ნაწყობი. აკლდამის ძრითადი ნაწილი (სიმ. დაახლ. 2,6 მ) გეგმით კვადრატულია, გადახურულია ჯვრული კამარით. კარიბჭის თავზე დაშენებულ სენაკში ასასვლელად, მიშენებულია ქვის კიბე. სენაკი გეგმით ოთხკუთხაა, გადახურულია კამარით. ეკლესიის დასავლეთ კედლის წყობაში ჩადგმულია საშუალო ზომის, ქვიშაქვის, ოთხკუთხა ქვა, სამი წმინდანის გამოსახულებით. იგი ახლოს დგას XVIII-IX სს-ის რელიეფებთან.

ეკლესიის სამხრეთით დგას ყველაწმინდას დარბაზული ტიპის ეკლესია, რომელიც თარიღდება XI-XII საუკუნეებით. ნააგებია სხვასხვა ზომის ნატეხი ქვით, ასევე გამოყენებულია შირიმის ქვა.

კომპლექსის მთავარი ტაძრის სამხრეთით მდებარეობს რიყის ქვით ნაგები დიდი შენობის – აკადემიის ნანგრევები. სადაც დავით აღმაშენებლის მეფობის დროს მოღვაწეობდა და მისი პირველი რექტორი იყო, ცნობილი ქართველი სასულიერო მოღვაწე არსენ იყალთოელი.

შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალების სასახლის მსგავსია და ამავე პერიოდში უნდა იყოს აგებული. აკადემიის შენობის აგებამდე, საწნახელი იყო განთავსებული, ხოლო მისი სამხრეთით მონასტრის სატრაპეზო იყო. აკადემიის შენობის აღმოსავლეთით მდებარეობს უფრო ადრინდელი ნაგებობა- საწნახელი.

1963 წლის აპრილში ძველი აკადემიის საფუძველზე საზოგადო მოღვაწის გიორგი შათირიშვილის თაოსნობით შეიქმნა შოთა რუსთაველის სახელობის სახალხო უნივერსიტეტი, რომელსაც ჰქონდა ოთხი ფაკულტეტი.

სხვადასხვა პერიოდში ტერიტორიაზე ჩატარდა როგორც, არქეოლოგიური, ასევე სარესტავრაციო სამუშაოები.

 

 

6.ფსიტის ციხე

მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადი – თურდოსხევი სათავეს იღებს ცივ-გომბორის მთიდან. იგი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიედინება და ქ. თელავიდან ჩრდილოეთით, 5-6 კმ.-ის მოშორებით, სოფ. გულგულას ქვემოთ ერთვის ალაზანს. ზემო წელზე, თურდოსხევი ტყიან მთებს შორის, ვიწრო ხეობაშია მოქცეული. გამოთქმულია მოსაზრება, რომ თურდოსხევზე გადიოდა ადრეელენისტური ხანიდან ცნობილი, ე.წ. ,,ფასის-ჰირკანიის“ მაგისტრალის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც კასპიისა და შავ ზღვას ერთმანეთთან აკავშირებდა. ის თელავისა და თურდოსხევის გავლით გადადიოდა გომბორის უღელტეხილზე, გაივლიდა უჯარმას, მიაღწევდა თბილის-მცხეთას და იქ უერთდებოდა მთავარ მაგისტრალს.ხეობის ეს ისტორიულ-გეოგრაფიული კონტექსტი, თავისთავად იწვევს ინტერესს აქ გამოვლენილი მატერიალური კულტურის ძეგლების მიმართ. ეს ხეობა, რომ მართლაც უძველესი დროიდანვე ათვისებული იყო ადამიანის მიერ, მოწმობენ აქ გამოვლენილი მატერიალური კულტურის ძეგლები.  ფსიტის ციხის[1] შესახებ ჩვენამდე მოღწეული წერილობითი წყაროები ერთობ მწირია. დოკუმენტურ საბუთებში ის პირველად იხსენიება 1392 წლის ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარში, ციხე მოხსენიებულია ალექსანდრე II კახთა მეფის მიერ, სვეტიცხოვლისადმი მამულების მფლობელობის განახლების წიგნშიც: ,,მოგახსენეთ: [ხო]რაუგს საწინამძღვრო მონასტერი; ყუავისთავი; კილმატი; და ასკილოვანი; კილმატის ციხე, მთითა და ბარითა; ვერენა, ციხითა, გარდაღმა საფისტეს[2] ციხემდი ……“ ასეთივე კონტექსტში, ,,საფსტეს ციხის“ ფორმით იხსენიება იგი 1447 წლით დათარიღებულ ქართლ-კახეთის საკათალიკოსო მამულიების სითარხნის გუჯარშიც. მოტანილი დოკუმენტებიდან ცალსახაა, რომ ფსიტის ციხე, თავისი მამულით მცხეთის საკათალიკოსოს მფლობელობაში ყოფილა. სამეცნიერო წრეებიდან, ფსიტის ციხით პირველი დაინტერესდა დიმიტრი ფურცელაძე. XIX საუკუნის მიწურულს, ციხე მოუნახულებია ალექსანდრე ხახანაშვილს მკვლევარი თავად ასულა ციხეზე და საგულდაგულოდ დაუთვალიერებია. მნიშვნელოვანია აგრეთვე მისი ცნობა: ,,მთის ძირში, ჩრდილოეთის მხარეს შეინიშნება ეკლესიის ნანგრევი, საცხოვრებლები, სიმაგრეები და სამარხების კვალი“. აქ ა. ხახანაშვილი საუბრობს ქვედა ციხეზე, რომელიც მის გარდა, 2019 წლამდე არც ერთ მკვლევარს არ შეუმჩნევია და თამამად შეიძლება ითქვას, ციხის ეს ნაწილი თავისი დაგეგმარებით უნიკალურია – მისი შემჩნევა შესაძლებელია მხოლოდ ზედა ციხიდან (ციტადელიდან) სხვა, ნებისმიერი მიმართულებიდან ის ,,უჩინარია“.

ფსიტის ციხე მდებარეობს მდ. თურდოს ხეობის ზემო წელზე, აღნიშნული მდინარის მარჯვენა შენაკადის – ,,ფსიტიანის ხევის“ მარჯვენა ნაპირზე. ზედა ციხე/ციტადელი აღმართულია კლდოვან კონცხზე, რომელიც წაგრძელებულია ჩრდილო-დასავლეთ – სამხრეთ-აღმოსავლეთის ხაზზე. იგი დასავლეთიდან და ჩრდილო-დასავლეთიდან (მდინარის მხრიდან) მაღალი, ფრიალო კლდეებით იფარგლება. ხოლო დანარჩენ მიმართულებებზე ციცაბო, ტყიანი ფერდობები აკრავს. კონცხის ზედაპირის სიგრძეა 50-60 მეტრი, სიგანე კი 10 მეტრს არ აღემატება,

7.ვანთის სასახლე

ვანთის სასახლის კომპლექსი მდებარეობს სოფლის ზემოთ, სამხრეთით დაახლოებით ერთ კილომეტრზე, მდინარე ვანთისხევის მარცხენა ნაპირზე, ფლატის პირას. კომპლექსის თარიღდება VIII-IX საუკუნეებით და მოიცავდა სასახლეს, კარის ეკლესიებს, წყლის რეზერვუარს, აბანოსა და სხვა ნაგებობათა ნაშთებს. სასახლეს კახელ ფეოდალურ საგვარეულოს – დონაურებს უკავშირებენ, ხოლო მის მშენებლობას ილარიონ ქართველის სახელს, როგორც მისი კომპლექსი ფუნქციონირებს გვიან შუა საუკუნეებამდე და მაშტაბურ ნგრევას განიცდის XVII-XVIII სს. რის შემდეგაც აქ სოფლის მოსახლეობის მიერ ცალკეული მცირე ნაგებობები იმართება. XIX-XX სს. 20-იან წლებამდე, ადგილობრივი მოსახლეობა მას სამეურნეო დანიშნულებით იყენებს.

კომპლექსის მთავარი ნაგებობა, დიდი ზომის სასახლეა (27,8 მ – 11,2 მ). იგი რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი შენობაა სამხრეთ-აღმოსავლეთ ღერძზე წაგრძელებული ისე, რომ აღმოსავლეთ ფასადით ვანთის ხევს გადაჰყურებს. ორსავე სართულზე დიდი და მცირე ზომის ორ-ორი ოთახია ერთმანეთისაგან მზიდი კედლით გამიჯნული, რომლებიც ერთმანეთს შიდა კარით უკავშირდება. პირველ სართულს, გარდა ჩრდილოეთის ფასადისა, ყველა მხარეს აქვს დატოვებული კარი. ამ სართულზე არსებული, შიგნითკენ წირთხლებგაშლილი სარკმლები წვრილია, მაშინ როდესაც ზედა სართულზე შემორჩენილი, ნალისებრთაღიანი ღიობები ერთობ მაღალი და განიერია, განსაკურთრებით კი ჩრდილოეთის, საიდანაც ალაზნის ველისა და კავკასიონის პანორამა იშლება (სავარაუდოდ, გარედან ხის აივანი უნდა ყოფილიყო მოწყობილი). სართულშორისი გადახურვა ხის ძელებზე იყო გამართული, ხოლო სასახლე გადახურული იყო კრამიტით.

სასახლის დასავლეთით 13 მ-ში დგას კარის ეკლესია. ის დარბაზულია (შიდა ზომები: 4,3X2,3 მ), ნაგებია რიყის ქვით დუღაბზე. შესასვლელი სამხრეთ კედელში ქონდა. აბსიდა ნალისებურია. საკურთხევლის კედელთან ქვთიკირის ოთხკუთხა ტრაპეზია ნაგები. საკურთხევლის იატაკი დარბაზის იატაკის დონეზეა გამართული. იატაკი მოგებული იყო აგურით. დარბაზის იატაკი გადალესილი ყოფილა კირხსნარით. კარის ეკლესია ნაწილობრივ გამართულია VI-VII სს. დარბაზული ეკლესიის ნაშალ ფენაზე, რომელიც VIII საუკუნეში უკვე დანგრეულია.

2015 წელს ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შემდეგ, კარის ეკლესიასთან, დადასტურდა კიდევ ერთი ეკლესიი ნაშთი. იგი სავარაუდოდ V-VI საუკუნეს უნდა განეკუთვნებოდეს.

 

8.კონდამიანის სამონასტრო კომპლექსი

წმ. კოზმა და დამიანეს მონასტრის ეკლესია მდებარეობს სოფელ კისისხევის სამხრეთით ექვსიოდე კილომეტრზე, მდინარე კისისხევის მარცხენა ნაპირზე, მაღალი ფლატის შუა სიმაღლეზე, რომლის თავშიც განლაგებულია ქვაბებიანი კომპლექსი. ეკლესია აგებულია მცირე, მოვაკებულ მოედანზე, რომლის სამხრეთ მხარე გამაგრებულია საყრდენი კედლით. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით, რამდენიმე ნაბიჯზე, მოჩანს ნაგებობათა ნაშთები, სამხრეთით კი, უფრო ახლოს, დიდი წყალსაცავია – შიგნიდან შელესილი კედლებით. ეკლესიის ეზოს გარშემოუყვებოდა რიყის ქვით ნაგები, დაბალი გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტულად). ძეგლი ადრეული ტიპის სამეკლესიიანი ბაზილიკაა. თარიღდება VI-VII სს-ით. გვიანი შუა საუკუნეების საწყის ეტაპზე, გარკვეულწილად გადაკეთება უნდა განეცადა და მომხდარიყო სამხრეთი ეკლესიის პასტოფორიუმის მოხატვა. შუა, მთავარი ეკლესია გვერდით ეკლესიებთან შედარებით, რამდენიმე უფრო მაღალი და ვრცელია. მთავარ ეკლესიაში შესასვლელი კარი, ნავის მხრიდან, მოპირკეთებულია შირიმის ქვებით, მთავარი ეკლესიის მხრიდან კი რიყის ქვითაა გამოყვანილი. სამხრეთ ეკლესიას შესაბამისი ნავის აღმოსავლეთ ნახევარი უჭირავს. იგი აფსიდიანი, უსარკმელო, მცირე სადგომია. სამხრეთიდან იგი შირიმის იმპოსტებზე დაყრდნობილი, ნალისებრი თაღით (სიგ. დაახლ. 1,7 მ) იყო გახსნილი, რომელიც მოგვიანებით ამოუშენებიათ. იმპოსტების პროფილი დანარჩენი იმპოსტების მსგავსია – თარო, დახრილი სიბრტყით მის ქვემოთ. ნავის დასავლეთ ნაწილთან სადგომი დასავლეთ კედელში მოწყობილი, განიერი თაღითაა დაკავშირებული (მოგვიანებით დაუვიწროებიათ). სადგომის კამარა და კონქის თაღი ოდნავ კვერცხისებბრია. სადგომის ქვეშ აკლდამაა. პასტოფორიუმში შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების (XVI ს?) მხატვრობის ფრაგმენტები: კონქში ვედრების კომპოზიცია, ჩრდილოეთი კამარის ძირში სვეტოვან თაღნარში მოცემული ორი სცენაა. განირჩევა ოთხი ფეხზე მდგომი ფიგურა. მხატვრობა არ მიეკუთვნება გვიანი შუა საუკუნეების კახეთში გავრცელებულ ხალხურ მხატვრობას, რაც ტაძრის მნიშვნელობაზე უნდა მიუთითებდეს. ნავის დანარჩენი სივრცე სამხრეთით სამმალიანი თაღედითაა გახსნილი, რომელიც დაყრდნობილია ორ, კვადრატულ ბოძზე. გარედან კედლები დასრულებული ყოფილა თაროსებრი ლავგარდანით (მცირე მონაკვეთი შემორჩენილია ჩრდ. ფასადზე), იგი ფორმირებული კირის დუღაბით – წყობიდან გამოშვერილი, ერთმანეთისგან დაახლოებით ათ-ათი სმ-ით დაშორებული რიყის ქვების კასკადზე, რომელთა შორის მცირე, ნალისებრი თაღებია გამოყვანილი. ეკლესიაზე შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების კრამიტის გადახურვა.

9.კისისხევის ქვაბები

კლდეში ნაკვეთი კომპლექსი მდებარეობს სოფლელ კისისხევის სამხრეთ-დასავლეთით, მდინარე კისისხევის ხევის მარცხენა ჭრილში. ძეგლი წარმოადგენს კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულების სისტემას, რომლებიც სამ ჯგუფადაა დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გამოკვეთილი. თითოეული ჯგუფის ქვაბები ორ ან სამ იარუსადაა კვეთილი და ერთმანეთთან დაკავშირებული გვირაბიანი და აივნიანი გასასვლელებით. ამჟამად ზოგიერთი მათგანი ჩამონგრეულია და ერთი გამოქვაბულიდან მეორეში გადასვლა ვერ ხერხდება. გამოქვაბულები ინტერიერში, ალაგ-ალაგ, შელესილია დუღაბით. ოთახებში მოწყობილი იყო ჭები და წყლის რეზერვუარები. ფასადებზე შემორჩენილია ამოშენებული კედლები შესასვლელი და სასარკმლე ღიობებით. ზოგიერთ ადგილას შემორჩენილია ხის კარის ჩარჩოებიც. 2022-2023 წლებში ჩატარებული კვლევითი სამუშაოების დროს დადასტურდა ეკლესიის არსებობა. ასევე, განისაზღვრა კონდამიანის უდაბნო-მონასტრის ფუნქციონირების თარიღი. კონდამიანის ქვაბებში შეიძლება გამოიყოს ორი ქრონოლოგიური ჯგუფი: პირველი –  VI-VII სს და მეორე – IX ს.

10.საფარისას წმ. გიორგის ეკლესია

არქიტექტურის ძეგლი მდებარეობს სოფელ წინანდლიდან სამხრეთით, ხუთი კილომეტრის მანძილზე, მდინარე კისისხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. ძეგლი შედგება სამეკლესიანი ბაზილიკისა და მისგან ხუთიოდე მეტრით დაშორებით მდგარი, მოგვიანებით აგებული, სამრეკლოსგან.

სამეკლესიანი ბაზილიკის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (13,4 მ – 12,8 მ) სამი ნავია ჩაწერილი, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ. სამხრეთ ნავში, ეკლესიის გარდა, დამატებით, განცალკევებული სამლოცველოცაა მოწყობილი. ეკლესია აგებულია სხვადასხვა ზომის, რიყის ქვით (აქა-იქ ლოდებიცაა ჩართული), წყობა არასწორხაზოვანია. იგივე ქვითაა ნაწყობი კუთხეებიც, ოღონდ აქ ქვები, ფორმისა და ზომის მიხედვით მეტ-ნაკლებად შერჩეულია. ჩრდილოეთ ეკლესია მთავარს წყობით არ უკავშირდება, მასზე ოდნავ ვიწროა და ორჯერ უფრო დაბალი. ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებია გაწყობილი. მთავარი ნავის ორივე ფრონტონის ზედა ნაწილი მოყვითალო, შირიმის ნათალი ქვებითაა მოპირკეთებული. ეს არე, ზემოდან სახურავის ფერდებითაა მოსაზღვრული, ძირი კი მორკალული აქვს. ორივე არის ცენტრში ჩასმულია თითო ქვა, რომელზეც ჯვრის რელიეფური გამოსახულებაა. საკურთხევლის სარკმელი მორთულია განიერი, რთული პროფილის მქონე საპირით. სამხრეთ ეკლესიის სარკმელი სადაა, ჩრდილოეთის ეკლესიის სარკმლის საპირე კი ორმაგი ლილვისგან შედგება. ასევეა შემკული ჩრდილოეთის ეკლესიის დასავლეთ სარკმელიც. სამხრეთ ფასადის ქვედა ნაწილში ორი, თაღოვანი ღიობი და ნაკლებად შესამჩნევი ერთი კარია, ზედა ნაწილში კი – მთავარი ნავის ორი, ასევე ნაკლებად შესამჩნევი სარკმელი. ჩრდილოეთის მხრიდან მთავარი ნავის კედელი სრულიად ყრუა და ხავსით დაფარული. ქვედა ნაწილში კი ერთი მცირე სარკმელი და ერთი შესასვლელია. ეკლესია გადახურული იყო კრამიტით. ეკლესიის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადების წინ 1920 წელს იპოვეს წითელი თიხისგან დამზადებული დიდი, ბრტყელი კერამიკის ოთხი ნატეხი – რელიეფური ჯვრის გამოსახულებით (ამჟამად დაცულია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში).

 სამრეკლო ორსართულიანია. აღმართულია რიყის ქვის ცოკოლზე. მთლიანად ნაგებია კვადრატული აგურით. სამრეკლოს ქვედა სართული გეგმით კვადრატულია (5,2 მ – 5,2 მ) და ორთხივე მხარეს ფართო, შეისრული თაღითაა გახსნილი. თაღები დაყრდნობილია კუთხეებში განლაგებულ, სწორკუთხა ბურჯებზე. შიგნით სართული გადახურულია გუმბათოვანი კამარით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების საშუალებით ხდება. კამარა ბრტყელია, წვერშემაღლებული. მეორე სართული რვაწახნაგა ფანჩატურია. წახნაგებიდან ოთხი – ქვემოთა სართულის შესაბამის კედელთან ერთ სიბრტყეშია, დანარჩენი წახნაგების წინ კი, ქვედა სართულის დაუფარავი ნაწილია. თითოეულ ქახნაგში თითო, განიერი, ოდნავ შეისრული თაღით დასრულებული ღიობია მოწყობილი. სართული შიგნიდან გადახურულია ნახევარსფერული, გუმბათოვანი კამარით. გარედან ფანჩატური დასრულებულია მაღალი ლავგარდანით, რომელიც ჩვეულებრივად დაწყობილი და კუთხით წინწამოწეული აგურებით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობისგან შედგება. სამრეკლო გადახურულია აგურით ნაწყობი, რვაწახნაგა, პირამიდისებრი სახურავით.

ეკლესია თარიღდება XI-XII საუკუნეებით, ხოლო სამრეკლო XV-XVI საუკუნეებით.

 

11.დევისხვრელის ეკლესია (ცაბაურთა)

ძეგლი მდებარეობს სოფელ ლაფანყურის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ოთხიოდე კილომეტრში, მდინარე ლოპოტის ხეობაში, ტყეში, თხილისწყაროდ წოდებულ ადგილას. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა და თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. შენობა გეგმით სწორკუთხა (18,8 მ – 11,9 მ). ნაგებია მოზრდილი ზომის, რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით. გარეთაკუთხეების წყობაში და კონსტრუქციულ ელემენტებში გამოყენებულია შირიმის, სუფთად გათლილი კვადრები. ბაზილიკის გადახურვა მთლიანად ჩამონგრეულია. შემორჩენილია საკურთხევლის აფსილი – კონქის მცირე ნაწილთან ერთად, რომელიც მთლიანად შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი. ასევე, გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ნაწილში მოწყობილი სათავსები – მთელ სიმაღლეზე. ეკლესიის დანარჩენი ნაწილი დაახლოებით 1-1,5 მ-ის სიმაღლეზე, გადახურვის ჩამოცვენილი ქვითა და მიწითაა ამოვსებული, რის გამოც გეგმის ზუსტად დადგენა არ ხერხდება. შემორჩა მხოლოდ ნავების გამმიჯნავი, გეგმით წრიული, ორი ბოძის ნაწილი, რომლებიც საკურთხევლიდან სამიოდე მეტრის მოშორებით დგანან.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან (შემორჩენილია მხოლოდ წირთხლები). საკურთხევლის აფსიდი ღრმაა, ნალისებრი. საკურთხევლის გვერდებზე მდებარე სათავსები – სამკვეთლო და სადიაკვნე – გეგმით სწორკუთხაა, გადახურული არიან ცილინდრული კამარით. ორივე სათავსი, შესაბამისი ნავისგან, კედლით იყო გამიჯნული და მას კარით უკავშირდებოდა (შემორჩენილია სადიაკვნეს დასავლეთ კედელში მოწყობილი კარი, რომელიც თარაზულადაა გადახურული). ორივე სათავსი განათებულია აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი სარკმლით. მათ შორის სამხრეთ სათავსის სარკმელი, ისევე როგორც საკურთხევლის სარკმელი, თაღოვანია, გარეთკენ შევიწროებული. ჩრდილოეთ სათავსის სარკმელი კი პარალელურწირთხლებიანია და ბრტყლად არის გადახურული. ეკლესიის ფასადები სადაა. სამხრეთ- დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადები დაახლოებით, 3 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. ფასადების დიდი ნაწილი სუროთია დაფარული. აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე, რელიეფური წარბია, მცირე, ჰორიზონტალური გადანაკეცებით ბოლოებში. ეკლესიის მახლობლად, ჩრდილოეთით, ქვითკირის, წრიული ნაგებობის ნაშთია. შესამჩნევია ლოდებით ნაგები შენობის ნაშთიც.

12.ტორნისის ღვთისმშობლის ეკლესია

ძეგლი მდებარეოს სოფელ ლაფანყურის ჩრდილოეთით, სამ კილომეტრზე, მდინარე ლოპოტის ხეობაში, ტყეში. განეკუთვნება სამეკლესიანი ბაზილიკის ტიპს (10,2 მ – 9,2 მ) და თარიღდება VII-VIII საუკუნეებით. ეკლესიის კორპუსის ძირითადი ნაწილია ორფერდა სახურავით გადახურული, დარბაზული სივრცე, რომელსაც სამი მხრიდან (სამხ-დან, დას-იდან და ჩრდ-იდან) შედარებით დაბალი, ცალფერდასახურავიანი მინაშენი ეკვრის. მიუხედავად იმისა, რომ შენობის ორივე ნაწილი ერთდროულადაა აგებული, ისინი ერთმანეთს წყობით არ ებმის. მინაშენის გვერდით ნაწილებში თითო, აფსიდიანი სადგომია, რომლებიც დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, დასავლეთ ნაწილში კი – მთავარი ეკლესიის გაგრძელებაზე – დერეფანია, რომლებიც გვერდით ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. მინაშენის ჩრდილოეთ ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში მოწყობილია მცირე სათავსი – სამკვეთლო, რომელიც მხოლოდ შუა, მთავარ ეკლესიას უკავშირდება.

ეკლესია ნაგებია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეების და კედლების წყობაში, ალაგ-ალაგ ლოდებია ჩართული. წყობა ირეგულარულია. კარ-სარკმლების და საბჯენი თაღები ნაგებია საკმაოდ თხელი რიყის ქვით. ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: ჩაქცეულია მთავარი და სამხრხრეთ ეკლესიების კამარები, დანგრეულია მთავარი ეკლესიის აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნახევარი და სამხრეთ კედლის დიდი ნაწილი. მთავარი ეკლესია და სამხრეთ მინაშენი, დაახლოებით 1 მ სიმაღლეზე (ზოგ ადგილას ნაყარის სიმაღლე გაცილებით მეტია), მიწითა და ქვებითაა ამოვსებული. ეკლესიას ორი, ორმალიანი შესასვლელი აქვს – სამხრეთიდან და დასავლეთიდან. თაღები ნახევარწრიული ფორმისაა და სწორკუთხა ბურჯებზეა დაყრდნობილი. შუა ეკლესიის ერთადერთი შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნახევარშია.  შენობის აღნაგობაში საყურადღებოა ორი მომენტი: ერთი ის, რომ ჩრდილოეთ ეკლესიის მთავარი ეკლესიისგან სრულიად იზოლირებულია და მეორე – მთავარ ეკლესიას დასავლეთ გარშემოსავლელიდან შესასვლელი არა აქვს. მხატვრული თვალსაზრისით საინტერესოა დასავლეთ ფასადის გაფორმების მიზნით ბრტყელი ნიშების გამოყენება.

13.წმ. გიორგის ეკლესია (ართანის უკარებო)

არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს სოფელ ართანის ჩრდილოეთით, 500 მეტრზე, ტყიანი მთის ფერდზე, დაბალი (1.2 მ), ფიქლით ნაგები გალავნით შემოფარგლულ, პატარა (დაახლ.100 კვ მ) ეზოში. ნაგებობა ორსართულიანია – კოშკისმაგვარი, ზემოთკენ სწორხაზოვნად შევიწროებული და ორფერდა სახურავით დასრულებული (სიმაღლე სახურავის კეხამდე – 7 მ). პირველი სართული (4,7 მ – 3,5 მ) ყრუკედლებიანი სათავსია, მეორე სართული – ეკლესია. შენობა ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით, წყობა არასწორხაზოვანია. ქვებს შორის არე შევსებულია წმინდა ბათქაშით. შენობის ოთხივე კუთხე ამოყვანილია შირიმის ნათალი ქვით. აგურითაა გამოყვანილი ლავგარდანი და ეკლესიის შიდა გადახურვა. შესასვლელი მეორე სართულის სამხრეთ კედელშია, მიწიდან 4 მ სიმაღლეზე. კარის ღიობი აგურისა და შირიმის ქვებითაა გამოყვანილი. გადახურულია ქვით. პირველი სართული შემაღლებული პროპორციების, კამაროვანი სადგომია, რომელიც მეორე სართულს უკავშირდება გადახურვის წყობაში დატანებული ვიწრო, სწორკუთხა (45 სმ – 45 სმ) ხვრელით. მეორე სართულზე მცირე ზომის, კვადრატული ოთახია, რომელიც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული (მთლიანი ფართი 5 კვ მ). აფსიდაში გაჭრილია ვიწრო, სწორკუთხა სარკმელი, რომელიც გარედან შირიმის მთლიან ქვაშია გამოკვეთილი, ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. აფსიდი დასრულებულია ამორფული, სხმული კონქით. კონქის თაღი შეისრულია, ნაწყობია კვადრატული აგურით. შეისრულია კამარაც.

მოგვიანებით, თავდაცვის მიზნით, შესასვლელის წინ, მთელ სიმაღლეზე, რიყისა და ნატეხი ქვის სქელი კედელი ამოუყვანიათ, რომელშიც ვიწრო, თაღოვანი კარი მოუწყვიათ. ფასადები სადაა. კედლები დასრულებულია საფეხურებად ნაწყობი აგურის ლავგარდანით (დიდი ნაწილი ჩამოშლილია). სახურავი დაბურულია ბრტყელი და ღარისებრი კრამიტის კომბინირებული წყობით.

გალავანი წრიული მოხაზულობისაა. მის დასავლეთ ნაწილში მოწყობილია ვიწრო შესასვლელი, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს.

მსგავსი ტიპის ეკლესია ცნობილია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელი ქისტაურიდან (სამსართულიანია) და თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტადან (მარიამ წმინდის ეკლესია-კომპლექსის ნაწილია).

ეკლესია თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.

14.ნაფარეულის ციხე

არქიტექტურის ძეგლი მდებარეობს სოფელ ნაფარეულის ცენტრალურ უბანში, (მოიცავს 1 ჰა ფართობს) და ჭავჭავაძეების საკუთრებას წარმოადგენდა. ნაფარეულის ციხე-გალავანს დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა “ლეკიანობის” თუ სხვა გარეშე მტერთაგან ადგილობრივი მოსახლეობის დაცვის საქმეში, ამიტომაც 1762 წელს ერეკლე მეორემ, სხვებთან ერთად, ეს ციხეც აღადგინა. XIX საუკუნეში ციხე-გალავანმა დაკარგა თავისი ფუნქცია, მისი ტერიტორია საცხოვრებლად გამოუყენებიათ და სხვა სახის ნაგებობებიც აუგიათ, ციხის კედლები კი ქვის კარიერად უქცევიათ, რამაც ძეგლი ძლიერ დააზიანა.

ციხე გეგმით თითქმის კვადრატულია (94 მ – 83 მ), რომლის ოთხივე კუთხეში დგას თითო, ცილინდრული კოშკი. ნაგებია რიყის ქვით. გალავნის კადლებიდან შედარებით უკეთ არის დაცული აღმოსავლეთ კედელი. სამხრეთ კედელი 2 მეტრამდეა შემორჩენილი. დასავლეთ კედელი ზოგან მთლიანად, ზოგან კი სანახევროდ მორღვეულია. ჩრდდილოეთ კედლის მხოლოდ ნაშთებიღა შეიმჩნევა. სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი კოშკებიც. გალავანი ორიარუსიანია. იარუსების სიმარლე საშუალოდ 2,5 მ-ია. ქვედა იარუსი ყრუა. ზედა, საბრძოლო იარუსის გაყოლებაზე, მებრძოლთათვის, ხის ბილიკი ყოფილა მოწყობილი. კედლებში კი, ერთ სიმაღლეზე – ცალმაგი და შეწყვილებული სათოფურები. კედლები უქონგუროა და თავი გადამრგვალებული აქვს. ციხეს ერთი შესასვლელი ჰქონია, სავარაუდოდ, დასავლეთიდან. XIX საუკუნეში მის ნაცვლად, განიერი შესასვლელი მოუწყვიათ. კოშკებიდან შედარებით უკეთ არის შემონახული ჩრდდილო-დასავლეთ კოშკი, რომელიც ქონგურებიანი ბანით იყო დასრულებული. კოშკის პირველ და მეორე სართულებს ცალცალკე შესასვლელები აქვს. ისინი ნახევარწრიული თაღებითაა გადახურული. პირველი სართულის ჩრდილოეთ კედელში, ჭერქვეშ, სარკმელია გაჭრილი. კედლებში სამი, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. პირველ და მეორე სართულებს ხის კიბე აკავშირებდა. ზედა სართულები კი ერთმანეთს კედლის სისქეში მოწყობილი კიბით უავშირდებოდა. ბუხარი, მეოთხე სართულის გარდა, ყველა სართულზეა. მეორე სართულის კედლებში ორი, სწორკუთხა ნიშა და სამი, შეწყვილებული სათოფურია. მესამე სართულის კედლებში – მხოლოდ ქვემოთ მიმართული, ექვსი, ცალმაგი სათოფური. მეოთხე სართულის კედლებში, თანაბარ მანძილზე, ხუთი სალოდეა განლაგებული. სალოდეები ნისკარტაა, გარედან ხის შვერილზე დაყრდნობილი.. ოთხი მათგანი ციხის კედლების გარეთაა. ერთი კი, შესასვლელების დასაცავად, მათ დაჰყურებს. სალოდეებს შორის ცალმაგი და ორმაგი სათოფურებია გაჭრილი, გარეთა სალოდეებს შორის, სათოფურების გარდა, თითო, სწორკუთხა ნიშაცაა. აღმოსავლეთით, ღრმა და მაღალი ნიშაა, რომელშიც საპირფარეშო იყო მოწყობილი.

ციხის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მდგარი, მთავარი კოშკი, სხვებთან შედარებით, დიდი და მასიურია. სავარაუდოდ, ოთხსართულიანი უნდა ყოფილიყო (შემორჩენილია ორი სართული). თითოეულ სართულს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს. პირველ სართულზე მოწყობილია ოთხი, დიდი ზომის, თითო, შეწყვილებული სათოფურით აღჭურვიი ნიშა. კედლის ზედა ნაწილში კი, სამი სარკმელი. შესასვლელის პირდაპირ, გეგმით ნახევარწრიული, ბუხარია. მის მარჯვნივ, კიბის უჯრედში მოსახვედრად, ვიწრო კარია გაჭრილი. კიბის მეშვეობით შეიძლებოდა მეორე სართულზე მოხვედრა, საიდანაც კიბე ისევ მიემართებოდა ზევით, მომდევნო სართულისკენ. სავარაუდოდ, ასეთივე კავშირი იქნებოდა მეოთხე სართულთანაც. მეორე სართული თითქმის პირველის მსგავსადაა გადაწყვეტილი. აქაც სამი საკმელი და ბუხარია. ნიშებში კი შეწყვილებული სათოფურებია მოწყობილი.

სამხრხრეთ-აღმოსავლეთ კოშკი, დიამეტრით მცირედ ჩამოუვარდება მთავარ კოშკს. შემორჩენილია მხოლოდ სარდაფიანი პირველი სართული. XX საუკუნის დასაწყისში კოშკი საცხოვრებლად გადაუკეთებიათ – ზემოდან მოზრდილი აივნის მქონე, ვრცელი ოთახი დაუდგამთ. პირველი სართულიც სახეცვლილია. შეიმჩნევა მხოლოდ ნიშები, რომლებშიც, სავარაუდოდ, სათოფურები იყო გაჭრილი.

ჩრდილო-აღმოსავლეთ კოშკიც გადაკეთებულია. სავარაუდოდ, ისიც ოთხსართულიანი იყო. გასული საუკუნის ბოლოს კოშკის გვერდით აბანო, ხოლო კოშკში წყალსაცავი მოუწყვიათ.

15.კოხტა ღვთისმშობლის ეკლესიის კომპლექსი

კომპლექსი მდებარეობს სოფელ ფშაველიდან ოთხ კილომეტრზე, ჭიჭაკვისწყლის ხეობაში. ძეგლი შედგება ორი ეკლესიის, ეკვდერის, საკულტო და საცხოვრებელი სადგომების, გარშემოსავლელის და გალავნისაგან. ძეგლი 1953 წ. შეისწავლა ი.ა.ე. ინსტიტუტის ექსპედიციამ (ლ. რჩეულიშვილი, დ. მუსხელიშვილი). ნაგებობების ურთიერთკავშირის გარკვევის მიზნით, ჩატარდა მცირე არქეოლოგიური სამუშაოები. სახურავის ფენების დასადგენად გაკეთდა რამდენიმე შურუფი და ზონდაჟი და დადგინდა, რომ კომპლექსი სხვადასხვა დროსაა ნაგები. VIII-IX საუკუნეებისაა დარბაზული ეკლესია თავისი კარიბჭითა და სადიაკვნით; X-XI საუკუნეებს განეკუთვნება ეკლესიის ჩრდილოეთ ეკვდერი, დასავლეთ გარშემოსავლელი და გალავანი; XVI-XVIII საუკუნეებით თარიღდება მცირე ეკლესია და მის დასავლეთით მდებარე – სწორკუთხა სადგომი. ამავე, გვიანდელი ხანისაა მთავარ ეკლესიაში შესრულებული სარემონტო სამუშაოებიც. 1972 წ. სპეციალური სამეცნიერო-სარესტავრაციო საწავლებლის სახელოსნოს მიერ შეკეთდა და გამაგრდა კომპლექსში შემავალი არქიტექტურული ნაგებობები. ძეგლამდე გაიყვანეს სამანქანო გზაც.

ეკლესია (9,55 მ – 8,15 მ) ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კუთხეებში და კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია შირიმი. შენობის გეგმა გართულებულია დამატებითი სადგომებით. სამხრეთ ფასადის გაყოლებით, აღმოსავლეთით, სწორკუთხა სადგომია, რომელიც კარით უკავშირდება ეკლესიას. დასავლეთით კი აფსიდიანი სადგომი – სამლოცველოა. ამ სადგომის დასავლეთ და სამხრეთ კედლები გარე სივრცესთან დამაკავშირებელი, თითო თაღითაა გახსნილი. ეკლესიის შიდა სივრცეს იგი თაღოვანი კარით უკავშირდება. შესასვლელი დასავლეთით და სამხრეთითაა – სამლოცველოსთან (სამლოცველო კარიბჭის დანიშნულებასაც ასრულებს). ეკლესიაში სამი სარკმელია: ერთი აღმოსავლეთით – საკურთხეველში, მეორე – საკმაოდ მაღლა, ჩრდილოეთ კედელში, მესამე – მოწყობილია დასავლეთ კარის ჩაშენებულ ნაწილში. აღმოსავლეთით საკურთხევლის ნალისებრი, ღრმა აფსიდია, რომელიც მლოცველთათვის განკუთვნილი სივრცისგან მცირე მხრებითაა გამოყოფილი. საკურთხევლის იატაკი ეკლესიის იატაკიდან საფეხურითაა ამაღლებული. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშაა მოწყობილი. წინ კი აგურის გვიანდელი კანკელია, რომელშიც ორი, სწორკუთხა კარი და დაბალი ღიობია გაჭრილი. საკურთხეველში, სარკმლის ქვემოთ და სამხრეთით მდებარე სამლოცველოს ყრუ აფსიდში ქვის ტრაპეზი ძევს. ეკლესიის მთავარი სივრცე და მცირე სამლოცველო ნახევარწრიული კამარებითაა გადახურული. მოგვიანებით, სამლოცველოს, სამხრეთიდან, სწორკუთხა სადგომი მიუშენეს. ამ ორივე სადგომს სამლოცველოს თაღოვანი ღიობი აერთიანებს. მინაშენს კარი სამხრეთით აქვს, სარკმელი კი – დასავლეთით. სწორკუთხა სადგომს და გალავნის აღმოსავლეთ კედელს შორის ჩაშენებული მცირე ეკლესია, რომელსაც დასავლეთით სწორკუთხა სადგომის კედელი საზღვრავს. ეკლესიის შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. რომელსაც გარედან, აღმოსავლეთით, გალავნის კედელი ეკვრის.

ეკლესია ცილინდრული კამარითაა გადახურული. მთავარ ეკლესიასთან, მთელ სიგრძეზე, ჩრდილოეთით, მოგვიანებით მიშენებული, აფსიდიანი სადგომი და დასავლეთით არსებული გარშემოსავლელი (შემორჩენილია კედლის მონაკვეთი და მრგვალი, თაღებშორისი, საყრდენი სვეტი) მოწმობს, რომ თავდაპირველი დარბაზული ეკლესია გაურთულებიათ და მისთვის სამეკლესიანი ბაზილიკის (ან მასთან მიახლოებული) სახე მიუციათ. ეკლესია ნატეხი ქვით ნაგები, თითქმის სწორკუთხა მოხაზულობის (33 მ – 21 მ) გალავნითაა (კედლის სისქე – 1,5 მ, სიმ. – 5 მ) შემოსაზღვრული. სამხრეთ კედელში აგურით ნაწყობი, თაღოვანი შესასვლელია, რომელიც ორსართულიანი, კოშკური ნაგებობის ქვედა სართულს წარმოადგენს. შესასვლელს, ფასადის მხრიდან, შემოვლებული აქვს სწორკუთხა მოჩარჩოება. გალავნის სამხრეთ-დასავლეთ და სამხრხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეებთან მრუდხაზოვანი კონტრფორსებია გამოშვერილი. დასავლეთ გრძივი კედელი კი ნახევარწრიული, ორი ბურჯითაა გამაგრებული. ორივე ბურჯში, შიდა მხრიდან, ზემოთა ნახევარში, ნახევარწრიული ნიშაა მოწყობილი. თითოეულ მათგანში კი თითო, სწორკუთხა, სასროლი ხვრელია გაჭრილი. დასავლეთის გრძივი კედელი ჩრდილოეთ განივ კედელს მცირე მომრგვალებით უკავშირდება. ამ ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთს შეადგენს საკუთრივ გალავნის შემოღუნული კედელი, რომელსაც ჩარდახით გადახურული, ერთი სასროლი ხვრელი აქვს და ეკლესიას ეკვრის ჩრდდილოეთ კედელი. სასროლი ხვრელი სწორკუთხაა, პარალელურწირთხლებიანი. საბრძოლო ბაქანი აქ იმგვარადვეა მოწყობილი, როგორც დასავლეთ კედელში, მხოლოდ ნიშაა სწორკუთხა და კედელს გარედან კონტრფორსი არა აქვს გამოყვანილი. გალავნის აღმოსავლეთ კედელი ჩრდილოეთით ბოლოთი ეკვრის ეკლესიის გრძივ კედელს, რომელსაც გარედან ორი კონტრფორსი აქვს. კონტრფორსებს შიგნიდან, ორი მეტრის სიმაღლეზე, საბრძოლო ბაქანი აქვს მოწყობილი. ნახევარწრიულ ნიშაში კი სასროლო ხვრელია გაჭრილი. გალავნის სამხრხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში სწორკუთხა საცხოვრებლის ნაშთია შემორჩენილი. გალავნის სამხრეთ კედელზე, შიგნიდან, კარიბჭის მეორე სართულზე ასასვლელად, მოწყობილია ქვის კიბე. ზემოთა სართული მეციხოვნეთა სადგომს წარმოადგენდა.

16.წყაროსთავის წმინდა გიორგი

არქიტექტურის ძეგლი მდებარეობს სოფელ ლალისყურის ჩრდილოეთით, ორიოდე კილომეტრზე, მდინარე სტორის (შტორი) მარჯვენა ნაპირას, ტყიანი მთის ერთ-ერთი განშტოების ბუნებრივად მოვაკებულ, მცირე ფერდობზე. თარიღდება XV საუკუნით.

ადგილობრივთ გადმოცემით, ეკლესიის სახელწოდება დაკავშირებულია მის მახლობლად მდებარე წყაროსთან, საიდანაც წყალი, თიხის მილებით, მთის ძირას მდებარე ციხე-გალავნისაკენ მიედინებოდა.

შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (სიგ. – 10 მ, სიგ. – 9,2 მ) ჩაწერილია მცირე ზომის, დარბაზული ეკლესია და მასთან ფუნქციურად დაკავშირებული, თანადროული, ოდნავ ვიწრო, დაბალი მინაშენი, რომელიც მას სამხრეთის მხრიდან ეკვრის. მოგვიანებით, საკუთრივ ეკლესიისთვის, დასავლეთიდან სამრეკლოს ორსართულიანი კორპუსი მიუდგამთ. მინაშენის დასავლეთ კედელზე კი, მიუშენებიათ ქვითკირის, მასიური კიბე (მოიხსნა 2005-06 წწ-ში, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკლესიის შეკეთების დროს), რომელიც სამრეკლოს ფანჩატურზე ასასვლელად იყო გათვალიწინებული. სამხრეთ მინაშენი განცალკევებული ორი სათვსისგან შედგება, რომლებიც ერთმანეთისგან სქელი კედლით არის გამიჯნული. მათ შორი აღმოსავლეთით მდებარე, სავარაუდოდ, ეკლესიის სადიაკვნისთვის იყო განკუთვნილი, დასავლეთით მდებარე კი ეგვტერია, რომელიც კარიბჭის ფუნქციას ასრულებს. ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვის ირეგულარული წყობით. კუთხეებში და მნიშვნელოვანი არქიტექტურულ დეტალების გამოსაყვანად გამოყენებულია შირიმის, ნათალი ქვა. კედლები შიგნიდან შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიას ორი  ვიწრო შესასვლელი აქვს, ორივე შირიმის ნათალი ქვითაა გამოყვანილი და შირიმისავე კოჭით თარაზულადაა გადახურული. გარედან ორივე კარი ნახევარწრიული ტიმპანითაა დასრულებული და სამი, გლუვი ლილვისგან შედგენილი საპირე ევლება, შიგნიდან კი ნახევარწრიულთაღოვან შეღრმავებაშია ჩასმული.

აღმოსავლეთით ღრმა, ნახევარწრიული აფსიდია, რომლის იატაკი დარბაზის იატაკის მიმართ ორი საფეხურითაა შემაღლებული. აფსიდის შუაში ნახევარწრიული ამბიონი აქვს. აფსიდის ცენტრში საშუალო ზომის, გარეთკენ მკვეთრად შევიწროებული, თაღოვანი სარკმელია, მის ორივე მხარეს კი – თითო, მცირე, სწორკუთხა ნიშა. თითო, მსგავსი სარკმელი ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებშიცაა. ეს უკანასკნელი სამრეკლოს ფანჩატურის სივრცეში გადის. აფსიდში თანაბარი სიმაღლის, ორი ტრაპეზი დგას: ოთხწახნაგა და რვაწახნაგა. მათ შორის პირველი – სარკმლის წინაა, კედლიდან 0,5 მ-ის დაშორებით, ხოლო მეორე, რომელიც, როგორც ჩანს, სამკვეთლოდ გამოიყენებოდა – ჩრდილოეთ ნიშის წინაა.

დარბაზის გრძივი კედლები და ოდნავ შეისრული კამარა მარტივი, ერთსაფეხურიანი პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი შეისრული, საბჯენი თაღით ორ, თანაბარ ნაწილად იყოფა. კედლებს, მთელ სიგრძეზე, საფეხური გასდევს. დარბაზის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ბოლოში ვიწრო ღიობია, რომელიც მინაშენის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე, გეგმით სწორკუთხა სათავსში გადის. ღიობი თარაზულადაა გადახურული და ეკლესიის მხრიდან ნახევარწრიული ტიმპანითაა დასრულებული. სათავსი აღმოსავლეთიდან ერთი, სწორკუთხა სარკმლითაა განათებული. გადახურულია კამარით. კამარის ჩრდილო გვერდში, აღმოსავლეთ კიდესთან, ვიწრო, სწორკუთხა ხვრელია, რომელიც ეკლესიის კონქის თავზე არსებულ სივრცეში ადის.

ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეგვტერს შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. იგი ეკლესიის დანარჩენ შესასვლელებზე თითქმის ორჯერ განიერია. კარი აგურით ნაწყობი, ოდნავ შეისრული თაღითაა გადახურული. მოგვიანებით, ღიობი გარედან დაუვიწროებიათ და ხის ძელებით გადაუხურავთ. ეგვტერი აღმოსავლეთით დასრულიებულია აფსიდით, რომელიც სადგომების გამმიჯნავ კედელშია გამოყვანილი. ამის გამო იგი მცირე სიღრმისაა, უსარკმელო, ფორმით კი – ნახევარწრეზე ოდნავ ნაკლები. აფსიდი სამხრეთით უშუალოდ ერწყმის გრძივ კედელს, ჩრდილოეთ კედლიდან კი მას მხარი გამოყოფს. შესაბამისად, აფსიდის თაღის გარკვეული (ჩრდ.) ნაწილი გამოყოფილია ეგვტერის გადამხურავი კამარიდან, ნაწილი კი მის ზედაპირშია ჩართული. თაღის წვერი აგურითაა გამოყვანილი. აფსიდში ქვით ნაგები, კედელზე მიყრდნობილი, სწორკუთხა ტრაპეზია. იატაკი აგურისაა. ეკლესია და ეგვტერი მთლიანად იყო მოხატული (თარიღდება XVI საუკუნით). მხატვრობა შესაძლოა იყო სადიაკვნეშიც, მაგრამ ამჟამად აქ არაფერია შემორჩენილი. მძიმე მდგომარეობაშია შემორჩენილი მხატვრობაც. ეგვტერის ჩრდილოეთ კედელზე დარჩენილია ვრცელი ასომთავრული წარწერა (დაზიანებულია). ეკესიისა და ეგვტერის მხატვრობა ე.წ. “ხალხურ” მოხატულობათა ჯგუფს ეკუთვნის. ეკლესიის ფასადები სადაა. კედლის ზედაპირი ბათქაშითაა გასწორებული და შეთეთრებული. ამჟამად შეთეთრება მხოლოდ აღმოსავლეთ ფასადს შემორჩა. ფასადზე, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, ოთხკუთხა ქვაზე, ფონის შეღრმავებით, გლუვზედაპირიანი ჯვარია გამოყვანილი. ეკლესიის კედლები დასრულებულია შირიმის ლავგარდანით, რომლის პროფილს შეადგენს თარო, შეღრმავებული ზედაპირი და ლილვი. ეკლესია გადახურული იყო ფიქალით (შემორჩენილია ფრაგმენტები), ამჟამად მოქცეულია კრამიტის საბურველის ქვეშ.

ეკლესიას ჩრდილოეთის მხრიდან, კედლის დასავლეთ ნაწილზე, მიდგმული აქვს ნატეხი ქვით ნაშენი, დაახლოებით ერთი მეტრის სიგანის ბაქანი, რომლის აღმოსავლეთ ბოლოში კიბის სამი საფეხურია გამოყვანილი. კიბიდან დასავლეთით ბაქანი თანდათან მაღლდება. ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან იგი სწორი კუთხით უხვევს და სამრეკლოს ჩრდილოეთ კედელს ებჯინება. ამ მხარეს ბაქანი თარაზულია და სამოციოდე სმ-ით უფრო განიერი. სავარაუდოდ, აქედან, ხის მისადგმელი კიბით სამრეკლოს ფანჩატურს უკავშირდებოდნენ. სამრეკლო ეკლესიაზე ოდნავ გვიანდელია. განეკუთვნება XVI საუკუნეს. პირველი სართული გეგმით კვადრატს უახლოვდება პირველი სართულის დამასრულებელ კვადრატულ ბაქანზე აღმართულია აგურით ნაგები, რვაწახნაგა ფანჩატური, რომლის თითოეულ წახნაგში თითო, ნახევარწრიულთაღოვანი ღიობია გაჭრილი. აღმოსავლეთ ღერძული წახნაგის ღიობში ეკლესიის სარკმელი გამოდის. სარკმლის ზემოთ, წყობაში ჩასმულ, შირიმის ქვაზე, ფონის ჩაღრმავებით, ბოლოებწაწვეტებული, ტოლმკლავა ჯვარია გამოყვანილი. ფანჩატურის წიბოები და ღიობების წირთხლები შირიმითა და ნატეხი ქვითაა ნაწყობი. ღიობის გადამხურავი თაღები კი – აგურით. შიგნიდან ფანჩატური გადახურულია ნახევარსფეროს ფორმის, სხმული კამარით. სამრეკლო ორივე მხრიდან შელესილი (ჩამოცვენილია) და შეთეთრებულია. გარედან, ფანჩატურის თითოეული ღიობის თაღოვანი ნაწილი, აღმსავლეთ ღერძული ღიობის გარდა, კედლის მცირედ შეღრმავებულ, სწორკუთხა არეშია ჩასმული. კედლები დასრულებულია ლეკალური აგურით ნაწყობი, მაღალი ლავგარდანით. სამრეკლო გადახურულია აგურითვე ნაწყობი, პირამიდული სახურავით. მოგვიანებით იგი თუნუქით შეუმოსავთ. 2005-06 წწ-ში ჩატარებული სამუშაოების დროს ძველი საბურველი ახლით შეცვალეს.

17.ნატკორა

ეკლესია მდებარეობს სოფელ გულგულის სამხრეთით, სამიოდე კილომეტრზე, ნასოფლარ ნატკორის ტერიტორიაზე და თარიღდება VI საუკუნით. ძეგლი მოზრდილი ზომის სამნავიანი ბაზილიკა (22 მ – 11 მ) აგებულია რიყის ქვის სწორხაზოვანი რიგებით, გარეთა კუთხეები, ნავების გამმიჯნავი ბოძები და თაღები – შირიმით. ნაგებობის გეგმის სწორკუთხედში ჩაწერილია საკმაოდ ვრცელი, შუა ნავი და ვიწრო, გვერდითი ნავები (სიგრ. – 1,4 მ) რომლებიც ერთმანეთისგან ჯვრული ფორმის ბოძების სამი წყვილითაა გამიჯნული. ბოძებზე, გრძივი მიმართულებით, გადაყვანილი იყო სუფთად ნათალი შირიმის კვადრებით გამოყვანილი თაღები. თაღები ეყრდნობოდა შირიმისავე იმპოსტებს. ეკლესია სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით. შუა ნავი, აღმოსავლეთით, ნალისებრი აფსიდითაა დასრულებული, ხოლო გვერდითი ნავების აღმოსავლეთ ნაწილში მცირე სათავსებია, რომლებიც სამკვეთლოს და სადიაკვნის ფუნქციას ასრულებდნენ.

დაახლოებით VII-VIII საუკუნეებში ბაზილიკას სამხრეთიდან და ჩრდდილოეთიდან, მთელ სიგრძეზე, მიუშენებიათ ნალისებრაფსიდიანი თითო ნავი, რომლებსაც ორ-ორი შესასვლელი ჰქონია. შემორჩენილი ფრაგმენტების მიხედვით ეკლესიის კედლები დასრულებული ყოფილა ნალისებრი თაღების მწკრივით გაფორმებული, თაროსებრი ლავგარდანით. ეკლესია არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და განახლებული. 2002 -2005 წლებში და 2023-2024 წლებში არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილია რამდენიმე სამარხი, რომლებიც სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება და თარიღდება XI-XII სს.ს და  XIV-XV საუკუნეებით. აქვე აღმოჩენილია XIV საუკუნის მონღოლური მონეტა, ხოლო ნახანძრალ ფენაში XVII საუკუნის ირანული მონეტა და 1684 წლით დათარიღებული, მხედრულწარწერიანი სპილენძის ზარი აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ ეკელსია სწორედ ირანელტა შემოსევის დროს დაინგრა და მომდევნო ხანებში აღარ აღუდგენიათ.

ეკლესიის ახლოს, ჩრდილოეთით შეინიშნება ნაგებობის ნაშთები, ასევე მიწაში ჩაფლულია შირიმის ქვის მოზრდილი ბლოკი.

ეკლესიის ნანგრევებთან სოფელ ვარდისუბნის და სოფელ გულგულის მოსახლეობა აღდგომის მეორე დღეს „ნატკორობის“ დღესასწაულს აღნიშნავს, რამაც აკადემიკოს გიორგი ჩუბინაშვილს აფიქრებინა, რომ ეკლესია ღვთისმშობლის სახელზე უნდა ყოფილიყო აგებული.

 

18.ყვავის საყდარი

საყდარი მდებარეობს სოფელ გულგულისჩრდილო-დასავლეთით, მაწანწრის ხევის პირას და თარიღდება IX-X საუკუნეებით.

დარბაზული ეკლესია ნაგებია რიყის ქვით – უწესრიგოდ (10,25X6,25). კუთხეებში, ალაგ-ალაგ შირიმის ტლანქად გათლილი ქვებიცაა ჩართული. კედლები შიგნიდან და გარედან შებათქაშებულია. 1970-იან წლების მეორე ნახევარში ჩატარდა ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის დროსაც ეკლესიის ინტერიერი და მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ღორღისა და ლამისაგან. შემორჩენილი კედლების წყობასთან შეხამებით აღდგა კამარის და კედლების დანგრეული ნაწილები. კედლებს გაუკეთდა თაროსებრი ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურაა ღარისებრი კრამიტით. ამჟამად ეკლესია დაზიანებულია. ინტერიერი ამოვსებულია ნიაღვრების მიერ მოტანილი ლამით.

ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს: სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთ კედლებში. სამივე კარი შიგნიდან თაღოვანია, ხოლო გარედან სწორკუთხა – გადახურულია ბრტყელი ლოდით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც ეკლესიის დანარჩენი ნაწილისგან ორსაფეხურიანი მხრებით და მათზე დაყრდნობილი ორსაფეხურიანი, წრიული მოხაზულობის თაღითაა გამოყოფილი. მსგავსი ფორმისაა კამარაც. აფსიდის ცენტრში მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი, რომლის ორივე მხარეს თითო, სწორკუთხა ნიშაა. დარბაზის გრძივი კედლები დანაწევრებულია თითო, ორსაფეხურიანი პილასტრით და მის გვერდებზე არსებული, ნახევარწრიულთავიანი, კედლის თითო თაღით, რომლებიც პილასტრის გვერდით საფეხურებს ეყრდნობა. პილასტრის წინა საფეხურზე კი, ცილინდრული კამარის თაღია გადაყვანილი. თითი პილასტრი გრძივი კედლების დასავლეთ კიდეშიცაა. მათ დასასავლეთ კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ფასადები მოკლებულია მორთულობას. სახურავი ორფერდაა, გადახურულია კრამიტით.

19.ჯვარპატიოსნის ეკლესია

ჯვარპატიოსნის ეკლესია დგას ქალაქ თელავის სამხრეთით 2-3 კილომეტრზე, მდინარე მაწანწრის ხეობაში, მთაზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (8,3X5მ) შეიცავს სხვა და სხვა პერიოდის სამ სამშენებლო ფენას, რომლებიც ერთმანეთისგან როგორც საშენი მასალით, ისე დუღაბის ფერითაც განსხვავდება. შენობის თავდაპირველი ნაწილი, რომელიც კედლების სიმაღლის ნახევარზე მეტს მოიცავს, რიყის ქვის ირეგულარული წყობითაა ნაგები. კარ-სარკმლების ღიობების გამოსაყვანად და ალაგ-ალაგ კუთხეებში გამოყენებულია ტლანქად დამუშავებული შირიმი. მოგვიანებით განახლებული ნაწილებიც რიყის ქვისაა. ამ დროისაა ეკლესიის შიდა გადახურვაც. სულ ბოლოს ორივე ფრონტონი რიყის წვრილი ქვით აღუდგენიათ.

ერთადერთი შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი გარედან შეისრულთაღიანია, შიგნიდან ხის ბრტყელი გადახურვა აქვს. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ცენტრში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, მისი ქვედა ნაწილი მოგვიანებით ამოუშენებიათ. სარკმლის ქვემოთ, კედელზე,  მიშენებულია კუბური ფორმის ტრაპეზი – ღრმა, სწორკუთხა ნიშით წინა მხარეს. მეორე, მსგავს მოყვანილობის ნაგებობა აფსიდის კედლის ჩრდილოეთით, ბოლოშია აგებული და სავარაუდოდ, სამკვეთლოს დანიშნულებას ასრულებდა. ეკლესიის კედლებში კიდევ სამი სარკმელია: თითო-თითო გრძივი კედლების დასავლეთ ნაწილში ხოლო მესამე დასავლეთ კედლის ღერძზე, შესასვლელის ზემოთ. კედლები შიგნიდან და გარედან ტლანქადაა შელესილი. სახურავი დაბურულია კრამიტით. ეკლესიას სამხრეთი მხრიდან მინაშენი ეკვროდა. ამჟამად იგი მთლიანად მიწითაა ამოვსებული და მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლების გარეთა ნაწილებიღაა შემორჩენილი.

  1. ლალისყურის ჩოლოყაშვილთა ციხის კომპლექსი

ციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოიხსენიება 1721 წელს. იგი ააგო კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში. ვახუშტისთან იხსენიება, როგორც ლეკებთან ბრძოლის მთავარი საყრდენი. პლატონ იოსელიანის თქმით, ის თავად ჯარდან ჩოლოყაშვილს ეკუთვნოდა. მისივე თქმით, 1742 წ. ციხე მნიშვნელოვნად დანგრეულა ძლიერი მიწისძვრის შედეგად, მაგრამ მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ციხე ერეკლე მეორის ბრძანებით 50-იან წლებში აღუდგენიათ. XIX  საუკუნეში ციხემ გარკვეული ცვლილება განიცადა – ეზოში აშენდა სასახლე და გადაკეთდა სამხრეთ-აღმოსავლეთი კოშკი. ციხე გეგმით კვადრატს უახლოვდება, (100×97 მ) საკადასტრო მონაცემებით მისი ფართობია 10590 კმ.მ. ნაგებია რიყის ქვით. შიგადაშიგ გამოყენებულია აგური. გალავნის ოთხივე კუთხეში ცილინდრული კოშკია, შუაში კი – ნახევრადცილინდრული კოშკები. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკის პირველ სართულზე ბუხარი და სწოკუთხა ნიშებია. ნიშებში თითო სათოფურია, კედლებში კი შეწყვილებული სათოფურები. კოშკი XIX საუკუნეში გადაუკეთებიათ – მეორე სართულზე დაუშენებიათ ოთხკუთხა ფორმის ოთახი. აქაც აღმოსავლეთს მხარეს ბუხარია. კედლებში ფართო სარკმლებია დატანებული. კოშკს გარედან კონტრფორსები აქვს მიშენებული. ჩრდილო-აღმოსავლეთის კოშკი აღარ შემორჩა – ის მდინარემ დაანგრია. ჩრდილო-დასავლეთის კოშკი ოთხსართულიანი ყოფილა. მეოთხე სართული აღარაა შემორჩენილი. დანარჩენ სამ სართულს ეზოს მხრიდან კარი აქვს, რომელთა პირდაპირ მეორე და მესამე სართულზე ბუხრებია გაკეთებული. ყველა სართულზე დატანებულია სათოფურები. სამხრეთ-დასავლეთი კოშკიდან მესამე სართული ნაწილობრივაა შემორჩენილი.

გალავნის შუაში ჩართული კოშკები ნახევრადცილინდრულია. ისინი სამსახრთულიანები ყოფილა. შემორჩენილია პირველი და მეორე სართულები, მესამე სართული ნაწილობრივ. კოშკებს პირველ სართულებზე სათოფურები და სარკმლები აქვთ, მეორე სართულზე მათ ბუხრებიც ემატებათ.

გალავნის სამხრეთი კედლიდან 5 მეტრის დაშორებით დგას გვიანი შუა საუკუნეების ეკლესია სამრეკლოთი. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით (12.8×6.1 მ). შეისრულთაღიანი შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. ტაძარი გადახურულია კრამიტით. ეკლესიას დასავლეთიდან მიდგმული აქვს თანადროული სამსართულიანი სამრეკლო. პირველი სართული სამი მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭეა, მეორე სართული საცხოვრებელი ოთახი, მესამე სართული ფანჩატურიანი სამრეკლო იყო, რომელიც ამჟამად მონგრეულია.

სამხრეთ-აღმოსავლეთ კოშკსა და ეკლესიას შორის დგას XIX საუკუნეში აშენებული სასახლე. ის ორსართულიანია. ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველი სართული მხოლოდ ჩრდილოეთის მხარეს, ანუ ეზოსკენაა გახსნილი. დანარჩენ კედლებში თაღოვანი ბუხრები და სწორკუთხა ღრმა თაღჩებია გაკეთებული. მეორე სართული თითქმის ყველა მხარესაა სარკმლებით გახსნილი, აღმოსავლეთის მხარეს კარია – მეორე სართულზე ასასვლელი კიბის პირისპირ, ჩრდილოეთის კედელში კი აივანზე გასასვლელი კარები. მეორე სართულის სამხრეთ კედელში მაღალი სწორკუთხა ბუხარია. სართულშორისი გადახურვა ხის იყო. პირველ სართულზე სამი ოთახი უნდა ყოფილიყო, ამდენივე ივარაუდება მეორე სართულზეც. სასახლის გადახურვა საერთოდ არ შემორჩა.