ბიომრავალფეროვნება
1. Pinus sosnowskyi Nakai - სოსნოვსკის ფიჭვი
ოჯახი: ფიჭვისებრნი – Pinaceae
20-35 მ სიმაღლის ხეა. ვარჯი პირამიდასებურია ან მომრგვალო. ქერქი ღეროს ქვედა ნაწილში, მუქი მურა ფერისაა, ზემოთ მოწითალო ყვითელი. წიწვები ლეგა მწვანე ფერისაა, მდედრობითი გირჩები კვერცხისებურია, მარტოული ან 2-4, მონაცრისფრო ან მოყვითალო მურა ფერის. ყვ: IV-V; ნაყ: IX-X. იზრდება უმთავრესად მთის შუა და ზედა სარტყელში, ციცაბო ქვიან და კლდოვან ფერდობებზე. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გხვდება ცივ-გომბორის ქედზე, ფლატეებსა და კლდიან ფერდობებზე.
2. Taxus baccata L. – უთხოვარი
ოჯახი: ურთხლისებრნი – Taxaceae
20-35 მ სიმაღლის ხეა, ქერქი მოწითალო რუხი ფერისაა; გლუვი ან სიგრძივ ფირფიტისებური. ვარჯი კვერცხისებურია ან პირამიდის ფორმის. წიწვები ბრტყელია, მოყვანილობით – ხაზური, ნამგალივით ოდნავ მოღუნული, ზემოდან მუქი მწვანე, პრიალა. ყვ/ნაყ: III-V. იზრდება ტენიან ტყეებში, წიფლნარებში როგორც ერთეულების, ისე მცირე ჯფუფების სახით. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. უთხოვრის ყველაზე დიდი და კარგად შემონახული მასივი დაცულია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ბაწარას ნაკრძალში. ეს კორომი თავისი მახასიათებლებით მსოფლიო მნიშვნელობისაა. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხვდება სპორადულად, ტყეებში.
3. Gymnospermium smirnowii (Trautv.) Takht. – მრგვალი წამალი
ოჯახი: კოწახურისებრნი – Berberidaceae
მრავალწლიანი ბალახოვანი ფესურიანი მცენარეა. მცენარეა მწვანეა ან ლეგა ფერისაა. ფესვთანური ფოთლები სამმაგად რთულია, ცალკეული ფოთოლაკები გრძელყუნწიანია და 5-4 ელიფსურ სეგმენტადაა თათისებურად დაყოფილი. ყვავილედის ყველა ფოთოლი ღეროზეა შემოხვეული. ყვავილედი მცირეყვავილიანია. ყვავილი ყვითელია. ყვ. ნაყ: II-IV. ითვლება კახეთის რეგიონის ენდემურ მცენარედ. გავრცელებულია დაბლობიდან ტყის შუა სარტყლამდე, ტყეებში. მცენარე აღწერილია 1881 წელს ლაგოდეხში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული მდინარე ალაზნის ჭალაში. საქართველოში შეფასებულია როგორც გადაშენების პირას მყოფი
4. Castanea sativa Mill. – ჩვეულებრივი წაბლი
ოჯახი: წიფლისებრნი – Fagaceae
30 მ სიმაღლის ხეა. გადაშლილი დატოტვილი ვარჯით. კვირტები კვერცხისებურია. ტოტები მოწითალო მურა ფერის მეჭეჭებითაა მოფენილი. ფოთლები ყუნწიანია, ტყავისებრი, იშვიათად – სიფრიფანა. მოყვანილობით ვიწრო-ლანცეტადან მოგრძო, კვერცხისებრი ხერხკბილა. ფოთლები ზედა მხრიდან მუქი მწვანეა და შიშველი, ქვედაზე ნაწილობრივ შებუსული. მამრობითი ყვავილედი მჭადაა, ყვავილები მოთეთრო – მოყვითალოა. მდედრობითი ყვავილი მამრობითი ყვავილედების ძირშია 1-3 ცალად. ყვ.VI; ნაყ: IX-X. იზრდება მთის ქვედა და შუა სარტყლების ტყეებში. გვხვდება როგორც შერეული, ასევე მომცრო ჯგუფების სახით. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია კახეთის კავკასიონის მთის შუა სარტყლის ტყეებში.
5. Pterocarya pterocarpa Kunth ex I. Iljinsk – ლაფანი
ოჯახი: კაკლისებრნი – Juglandaceae
10 მეტრამდე სიმაღლის ხეა, მოთეთრო ქერქით. ფოთოლს აქვს მრავალი წყვილი ხერხკბილა ფოთოლაკი, მოყვანილობით მოგრძო-კვერცხისებური, ქვედა მხარეზე ძარღვების გაყოლებით თეთრი ბეწვით მოფენილი. ყვავილები შეკრებილია მჭადა ყვავილედებად. ყვ. ნაყ: III-IV. იზრდება მთის ქვედა სარტყელში, ტენიან ტყეებში, მდინარეთა და მათი შენაკადების ნაპირებზე ერთეული ეგზემპლარების სახით ან მცირე კორომებად. ძირითადად გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში აგრეთვე კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია მდინარე ალაზნის ჭალაში და მისი მარცხენა შენაკადების ხეობებში. საქართველოში შეფასებულია როგორც გადაშენების საფრხესთან ახლოს მყოფი (NT)
6. Philadelphus coronarius L. – უცვეთელა
ოჯახი: წყალფოთოლასებრნი – Hydrangeaceae
ბუჩქია, 3მ-მდე სიმაღლის, ტოტების ქერქი მოყვითალო ან მოწითალოა. ფოთლები ფართო-კვერცხისებური, ელიფსური, კიდეზე დაკბილული, ზედა მხარე კაშკაშა მწვანეა, ქვედა–რუხი. ყვავილედი მტევანია, 7-9 ყვავილიანი, ყვავილი, თეთრი ან მოყვითალო, სურნელოვანი. ყვ.V-VII; ნაყ. VII-IX. იზრდება ტყის შუა და ზედა სარტყლებში, ტყისპირებში და ბუჩქნარებში, ხეობების გაყოლებაზე. გავრცელებულია თითქმის მთელს საქართველოში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ტყის შუა სარტყელში ტყეებში, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია.
7. Quercus longipes Steven– გრძელყუნწა მუხა
ოჯახი: წიფლისებრნი – Fagaceae
30 მ სიმაღლის ხეა, უხვად დატოტვილი, სფეროსებრი ვარჯით. ტოტები მორუხო-მურა-მოყავისფროა. ფოთლის ფირფიტა მკვრივია, თითქმის ტყავისებური, უკუკვერცხისებრი ან მოგრძო; ზემოდან მუქი მწვანეა, შიშველი; ქვემოდან – მუქი მომწვანო, შემოსილი გრძელი ბეწვებით, იშვიათად – შიშველი, დანაკვთული ან ფრთისებრ დანაწევრებული. ყვ.ნაყ. IV-V. გავრცელებულია მდინარისპირა ტერასებზე, დაბლობებზე, საქართველოში გავრცელებულია შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია მდინარე ალაზნის ჭალაში და ვაკის ტყეებში.
8. Ulmus minor Mill. – პატარა თელადუმა
ოჯახი: თელისებრნი – Ulmaceae
25-30მ-მდე სიმაღლის ხეა, მუქი რუხი ფერის, გლუვი ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა, ნორჩობაშიშებუსული, შემდეგ კი– შიშველი. ფოთლები მოყვანილობით კვერცხისებური ან უკუკვერცხისებურია, სიფრიფანა. კიდეზე ხერხკბილა, ზემოდან შიშველი ან ხაოიან-წამწამისებურად ბეწვიანი, ღია მწვანე ფერის, ქვედა მხარე უფრო მკრთალი, მეტწილად მოფენილია წითელი წერტილოვანი ჯირკვლებით, ფოთლის ყუნწი გრძელია. ყვავილები მოკლე ყუნწიანია, გვერდულ კონებადაა შეკრებილი.ყვ. ნაყ: III-IV. იზრდება მშრალ ადგილებში, მუხნარებში, ტყისპირას, აგრეთვე ჭალების ტერასებზე. გავრცლებულია თითქმის მთელ საქართველოში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ტყეებში და ბუჩქნარებში. საქართველოში შეფასებულია როგორც გადაშენების საფრხესთან ახლოს მყოფი (NT)
9. Ulmus glabra Huds. – შიშველი თელადუმა
ოჯახი: თელისებრნი – Ulmaceae
40-45 მსიმაღლის ხეა, გლუვი, რუხი ქერქით. ნორჩი ტოტები მოწითალო-მურა ფერისაა. ფოთლები მოკლეყუნწიანია, დიდი ზომისაა, ფართო-ელიფსური ან უკუკვერცხისებური, წვერში გრძლად წაწვეტებული, ორივე მხარეს ძირთან არათანაბარ გვერდიანი, დაფარული მრავალი მოკლე, ხეშეში ბეწვით, ძლიერ ხაოიანი, კიდეზე ხერხკბილა. ყვ. ნაყ: III-V. იზრდება მთის შუა სარტყელში, ფართოფოთლოვან ტყეებში, ტენიან ადგილებში, ჭალებისა და ხევების გაყოლებით. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია მთის ტყეებში საქართველოში შეფასებულია როგორც გადაშენების საფრხესთან ახლოს მყოფი (NT)
10. Zelkova carpinifolia (Pall.) K. Koch – რცხილაფოთოლა ძელქვა
ოჯახი: თელისებრნი – Ulmaceae
25-30 მ-მდე სიმაღლის ხეა, მორუხო-მწვანე, სქელი, მკვრივი ქერქით. ნორჩი ტოტები მუქი მურაფერისაა. ფოთლები მოყვანილობით მოგრძო-კვერცხისებურია ან ელიფსური, წაწვეტებული, თითქმის მჯდომარე ან მოკლეყუნწიანი, კიდეზე მახვილ ან მრგვლად ხერხკბილა. ყვავილსაფარი მომურო ფერისაა, ოდნავ შებუსული, კვერცხის ფორმის ნაკვთებით. ყვ.III; ნაყ.VIII-IX. იზრდება ზღვისპირა დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში, ტენიან ტყეებში. მდინარეთა ნაპირებზე და ხეობების გაყოლებით. საქართველოში გავრცელებულია სამეგრელოში, იმერეთში, გურიაში და კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული იშვიათად, კახეთის კავკასიონის მთისწინეთებზე. საქართველოში შეფასებულია როგორც მოწყვლადი (VU)
11. Paeonia caucasica (Schipcz) Schipcz. – კავკასიური იორდასალამი
ოჯახი: იორდასალამისებრნი – Paeoniaceae
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა. ღერო 50-100 სმ სიმაღლის, სწორია ან ოდნავ დაკლაკნილი. შეფოთლილი. ფოთოლი ორივე მხარეს შიშველია ან ქვემოდან შებუსული. ფოთლის ნაკვთები მოგრძო-ოვალურიდან თითქმის მომრგვალომდეა. ყვავილი მეწამული ფერისაა, გვირგვინის ფურცლები უკუკვერცხისებურია. მტვრიანას ძაფები მეწამულ-წითელია. ყვ. ნაყ: IV-VI. იზრდება დაბლობებსა და მთის ქვედა სარტყელში, მუხნარებსა და რცხილნარებში, ბუჩქნარებში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. მცენარე კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია ჭალის, ვაკისა და მთის ქვედა სარტყლის ტყეებში. )
12. Galanthus lagodechianus Kem.-Nath. – ლაგოდეხის თეთრყვავილა
ოჯახი: Amaryllidaceae
ბოლქვიანი მცენარეა. ფოთლები პრიალაა, მწვანე. საყვავილე ღერო ფოთლებზე გრძელია. ყვავილსაფრის გარეთა სეგმენტები ღრმად ჩაზნექილია, კოვზისებრი ფორმის. შიგნითა სეგმენტები თირკმლისებური, წვერში ამოკვეთილი, მწვანე, იშვიათად ყვითელი ლაქა აქვთ. ყვ; ნაყ: II-IV. იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე. საქართველოში გავრცელებულია კახეთსა და შიდა ქართლში. თელავის მუნიციპალიტეტში გავრცელებულია მდინარე ალაზნის ჭალაში და მდინარეთა ფერდობებზე. კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. საქართველოში შეფასებულია როგორც მოწყვლადი (VU)
13. Hedera pastuchovii Woronow – პასტუხოვის სურო
ოჯახი: სუროსებრნი – Hederaceae
ლიანა ბუჩქია. ფოთლები ტყავისებურია, მიწაზე გართხმული და მცოცავი. უნაყოფო ყლორტების ფოთლები კვერცხისებურ მომრგვალო ფორმისაა, მთლიანი ან დანაკვთული. შეფერილობით – მუქი მწვანე. სანაყოფე ყლორტების ფოთლები მთლიანია, კვერცხისებური ან რომბისებური. ყვავილედი სწორად მდგომი ქოლგაა. გვირგვინი პატარაა და მწვანე ფერის. ყვ.VIII-X; ნაყ. XII-III. იზრდება დაბლობიდან მთის შუა სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნარებში. საკმაოდ იშვიათი მცენარეა. საქართველოში ცნობილია კახეთსა და შიდა ქართლში (თბილისის მიდამოები). კავკასიის ეკორეგიონის ენდემია. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია მდინარე ალაზნის და მისი მარცხენა შენაკადების ჭალის ტყეებში. საქართველოში შეფასებულია როგორც გადაშენების საფრხესთან ახლოს მყოფი (NT)
14. Aristolochia iberica Fisch. & C.A.Mey. ex Boiss. – ქართული ძირმწარა
ოჯახი: ძირმწარასებრნი – Aristolochiaceae
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, მეტ-ნაკლებად დაკლაკნილი. ქვედა ფოთლები ქერცლოვანია, მისი მომდევნო ფოთლები მოკლეყუნწიანი და პატარა ზომისაა, ხოლო ზედები – დიდი ზომისა, გრძელყუნწიანი. ფოთლის ქვედა მხარე მკრთალია, მოფენილია ბეწვებით. ზედა მხარე თითქმის შიშველია. მოყვანილობით ფართო-კვერცხისებურია ან ფართო-გულისებური, ძირში ღრმა ამონაკვეთით. ყვავილები იღლიურია და თითო-თითო. ყვავილსაფრის გაფართოებული ნაწილი ცილინდრული ფორმისაა. ყვავილსაფრის მილი ძლიერ მოხრილია. ყვ, ნაყ:IV-V. გვხვდება მუხნარებში, რცხილნარებში, ჭალის ტყეებში, ბუჩქნარებში, ძირითადად – ქვედა სარტყელში. გავრცელებულია კახეთში და დასავლეთ საქართველოში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია მდინარე ალაზნის ჭალის ტყეში და კახეთის კავკასიონის მთისწინეთებზე.
15. Buxus colchica Pojark – კოლხური ბზა
ოჯახი: ბზისებრნი – Buxaceae
2-15 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქი ან ხეა. დიამეტრი 50 სმ-მდეა. ღერო სწორმდგომია, ძირიდანვე ხშირი დატოტვით, ტოტები 4-წახნაგოვანია, ნორჩობაში– შებუსული. ფოთლები მარტივია, ტყავისებური, შიშველი. მორიგეობით ან იშვიათად მოპირისპირედ განლაგებული. ფორმით მოგრძო-კვერცხისებრი ან ლანცეტა, მოკლეყუნწიანი. ფირფიტა მუქი მწვანე, ქვედა მხარეზე ოდნავ ღია. ნაყოფი 3 რქისებური გამონაზარდით ბოლოვდება. ყვ.II-IV; ნაყ.VI-IX. იზრდება ქვეტყეში, შერეულ და წიწვოვან ტყეებში. ზოგჯერ ქმნის რაყებს. ეტანება ქვიან ან ღრმა ნიადაგებს. გავრცელებულია დასავლეთ საქართველოსა და კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია იშვიათად. გვხვდება ტყეებში, ძველი ეკლესიების სიახლოვეს. საქართველოში შეფასებულია როგორ გადაშენების კრიტიკულ საფრთხეში მყოფი (CR)
16. Neottia ovata (L.) Bluff & Fingerh-ორფოთოლა
ოჯახი: ჯადვარისებრნი-Orchidaceae
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, სიმაღლე 30-60 სმ. ღერო ზედა ნაწილში ჯირკვლოვანი ბუსუსით არის მოფენილი. ფოთლები მომრგვალო კვერცხისებურია, მახვილწვერიანი. ყვავილედი გრძელია, მრავალყვავილიანი, ყვავილები მომწვანო ყვითელია. ყვ,ნაყ.VI-VIII იზრდება დაბლობსა და მთის შუა სარტყელში. ტყეებში, ბუჩქნარებსა და ველობებში. არც თუ ისე ხშირია. საქართველოში გვხვდება სპორადულად თითქმის ყველგან. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გვხდება მდინარე ალაზნის ჭალის ტყეში ერთეული პოპულაციის სახით
17. Rhododendron caucasicum Pall. – დეკა
ოჯახი: მანანასებრნი– Ericaceae
მარადმწვანე ბუჩქია. ღერო წამოწეული, 1-1,5 მ სიმაღლის, ხშირად გართხმული, მხოხავი ღეროებითა და ტოტებით. ყლორტები მოფენილია ქერცლებითა და ჩამოცვენილი ფოთლების კვლებით. ფოთლები ტყავისებურია, ზედა მხარეში შველია, მუქი მწვანე; ქვედა მხარე თხელი ქეჩისებრი შებუსვითაა, ზრდასრული ფოთოლი ჟანგისფერი ხდება; ფოთლის ფირფითა მოგრძო ოვალურია. ფოთლის ყუნწი მოკლეა. გვირგვინი დიდი ზომისაა და მომწვანო-მოყვითალო, ჩალისფერ-მოყვითალო, მოვარდისფრო ან თეთრი. ყვ. ნაყ:V-VI. იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყელში. სუბალპურ ტყეში ქმნის შეკრულ ქვეტყეს, ხოლო ალპურ სარტყელში რაყებს. საქართველოში ცნობილია ყველა მაღალმთიან რეგიონში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია მაღალმთაში ზღვის დონიდან 2300 მ ის ზემოთ.
18. Hippophae rhamnoides L. – ქაცვი
ოჯახი: ფშატისებრნი – Elaeagnaceae
3-6 მ-ის სიმაღლის ბუჩქი ან იშვიათად – ხე, ძლიერ დატოტვილი, გაშლილი ვარჯით, ეკლიანი. ქერქი მონაცრისფრო ფერისაა. ფოთლები მოგრძო-ლანცეტაა ან ხაზური, თითქმის მჯდომარე. ფოთლები ორივე მხარეზე ვარსკვლავა-ქეჩისებრი ქერცლებითაა მოფენილი, ქვედა მხარეს მოვერცხლისფრო თეთრია, ზედა მხარეს – მონაცრისფრო მწვანე. ყვავილები იღლიურია, ყვითელი, სურნელოვანი. ყვ.IV-V; ნაყ.VIII-X. იზრდება მდინარეთა ნაპირებზე, ჭალებში, სარწყავი არხების გასწვრივ. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცლებულია მდინარე ალაზნის მარჯვენა შენაკადების გაყოლებაზე, ქვიან ფერდობებზე, ასევე მაღალმთის მეორეულ ბუჩქნარებში.
19. Staphylea pinnata L. – ჩვეულებრივი ჯონჯოლი
ოჯახი: ჯონჯოლისებრნი – Staphyleaceae
ბუჩქია ან პატარა ხე, სიმაღლით 5 მ-მდე. ტოტები მოყვითალო მურა ფერისაა, ყლორტები–შიშველი და მწვანე. ფოთლები კენტფრთისებურია, 5-7-ფოთოლაკიანი. ფოთოლაკები მოგრძო-ელიფსურია, ნაწილობრივ – ბასრხერხკბილა, ზედა მხარე მუქი მწვანეა, ქვედა–მოლეგო მწვანე. ყვავილედი მტევანია ან საგველა. გვირგვინი თეთრია, ზოგჯერ მოვარდისფრო ელფერით. ყვ.IV-V; ნაყ.VII-VIII. იზრდება ტყის ქვედა და შუა სარტყლებში. იზრდება ტყეებში, ნოყიერ და ქვიან სუბსტრატზე. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული. თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებულია მდინარე ალაზნის ჭალის ტყეებსა და მისი მარცხენა შენაკადების ხეობებში.
20. Daphne pontica L. – მელიქაური
ოჯახი: მაჯაღვერასებრნი– Thymelaeaceae
ბუჩქია. ღერო 1 მ-მდე სიმაღლისაა, შიშველი, სწორმდგომი, წვერი შეფოთლილი. ფოთლები ტყავისებურია, დიდი ზომის, ფორმით უკუკვერცხისებურ-ლანცეტა, მჯდომარე. ყვავილები იღლიურია 2-2 ან 3-3 ერთად. ყვავილსაფრის ნაკვთები სქელია, ლანცეტა ფორმის, მოყვითალო-მომწვანო ფერის. ყვ. ნაყ:IV-VIII. იზრდება ტყეებსა და სუბალპურ ბუჩქნარებში. საქართველოში სპორადულად არის გავრცელებული, უფრო ხშირია დასავლეთ საქართველოში. თელავის მუნიციპალიტეტში ძალიან იშვიათი მცენარეა. გავრცელებულია ცივ-გომბორის ქედზე.
