თელავის ჭადარი
თელავის ჭადარი
აღმოსავლური ჭადარი (Platanus orientalis), მიეკუთვნება ჭადრისებრთა (Platanaceae) ოჯახს, რომელშიც ჭადრების 12 სახეობაა გაერთიანებული. აღმოსავლური ჭადარი წარმოადგენს დიდი ზომის ხეს, რომელიც ბუნებრივად გავრცელებულია სამხრეთ იტალიაში, ბალკანეთზე, მცირე აზიაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის ზოგიერთ რეგიონში, ასევე შუა აზიის სამხრეთ ნაწილში. სპორადულად კი თითქმის მთელ ახლო აღმოსავლეთში. კავკასიაში მისი ბუნებრივი გავრელების არეალი ფრიად შეზღუდულია და ყარაბაღის მთებსა და ზანგეზურის ოლქს მოიცავს. ჭადარი როგორც დეკორატიული მცენარე ფართოდ არის გამოყენებული მთელს მსოფლიოში, განსაკუთრებით ზომიერ და ნაწილობრივ სუბტროპიკულ ზონაში.
საქართველოში აღმოსავლური ჭადარი მხოლოდ დეკორატიული მცენარეების სახით გვხდება. იშვიათად კი გაველურებულიც არის. საქართველოში ჭადრის როგორც გამწვანებაში გამოყენებად კულტურას დიდი ისტორია აქვს. ამაზე მეტყველებს, არა მხოლოდ ჭადრების სიმრავლე ჩვენს ქალაქებში, არამედ ცალკეული ეგზემპლარების ასაკიც. სულ საქართველოში 5-6 ასაკოვანი ჭადარია -იმერეთში, სამეგრელოში, შიდა ქართლსა და აფხაზეთში, რომელთა ასაკი 300 დან 800 წლამდე მერყეობს. თელავის ჭადარი მათგან უდიდესი და უმნიშვნელოვანესია. მისი სიმაღლე დაახლოებით 35 მ ია. ხოლო, დიამეტრი-3.7მ-ს აღწევს.
ჭადარი, როგორც ისტორიული მნიშვნელობის ხე, რომელიც წარმოადგენს ქალაქის სავიზიტო ბარათს, ამავდროულად არის კულტურული ღირსშესანიშნაობა და საჭიროებს დაცვის განსაკუთრებულ რეჟიმს. ამიტომაც, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 28 დეკემბრის N70 განკარგულებით მინიჭებული აქვს ადგილობრივი მნიშვნელობის დაცული ხის სტატუსი. რაც არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი პრეცენდენტი, როდესაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო.
